საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებები გააცნო, რომლის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში სწავლის პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის სოციალური პლატფორმის განვითარება.

მისი განმარტებით, 2014 წლის 25 თებერვალს ხელი მოეწერა ჩარჩო შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (NEFCO) შორის, რომელიც საშუალებას იძლევა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს კიდევ ერთი საფინანსო ინსტიტუტის ფინანსური რესურსი და ინსტრუმენტები.

სასესხო შეთანხმების მიხედვით, NEFCO აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, სესხის სახით 3,9 მლნ ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, საიდანაც 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის 4 მაისი.

რაც შეეხება საგრანტო შეთანხმებას, წარმოდგენილი შეთანხმების მიხედვით გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი (E5P) გამოყოფს 2,6 მლნ ევროს გრანტის სახით, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება განიხილეს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გააცნო კომიტეტის წევრებს.

შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის 2,1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფას „მდგრადი ურბანული განვითარება საქართველოში“ და „კვლევებისა და სპეციალისტთა ფონდი“ პროექტების დასაფინანსებლად .

კომიტეტის სხდომაზე ასევე განიხილეს ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა არსებული 3-ის ნაცვლად 5 ადგილით განისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შესახებ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 23 დეკემბრის N30-IIრს-Xმპ დადგენილებაში შედის, რომლის თანახმად, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობებში ადგილების რაოდენობა ორ-ორი ადგილით იზრდება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა, კომიტეტის წევრის, თამარ ტალიაშვილის თემატურ მომხსენებლად დანიშვნას მხარი დაუჭირა. თემა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას შეეხება, მხარდამჭერია ევროკავშირის პროექტი.

banner
წინა სტატიაშიგაბედოს აბა ვინმემ უარი! – სამნიძე ხუნდაძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლომ ეკა კვესიტაძეს “რუსთავი 2”-სთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა