საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მოუსმინა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოში აკრედიტებული ელჩების მოსმენას აგრძელებს. დღეს კომიტეტის წევრებმა, შვედეთის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებზე შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს მოუსმინეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ მისასალმებელი სიტყვისას შვედეთის ელჩს და ხალხს ეროვნული დღე მიულოცა, რომელიც მიმდინარე კვირას აღინიშნებოდა.

მან მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს იმ დახმარებისთვის, რომელსაც შვედეთი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდანვე უწევს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ შვედეთის სამეფოს მიმართ მადლიერება გამოხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და დაცვისთვის.

„შვედეთი ხშირად არის საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორი. ასევე, მხარს გვიჭერენ ეუთო-ში, ევროპის საბჭოში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯერ არ არის ნატო-ს წევრი, მხარს უჭერს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც შეეხება ეკონომიკური ურთიერთობას და ვაჭრობას აქ არის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი და ამაზე ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, რუსეთ-უკრაინის ომზე და საქართველოსთან შვედეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ არაპროვოცირებულ ომზე და მის გლობალურ მნიშვნელობაზე.

„რუსეთი არალეგალურ ომს აწარმოებს უკრაინის მიმართ. მან მნიშვნელოვნად და საგრძნობლად შეცვალა უსაფრთხოების საკითხები ევროპაში. რუსეთის ეს ქმედებები უსაფრთხოების გრძელვადიან და მნიშვნელოვან გაუარესებას განაპირობებს. ჩვენ, შვედეთი მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ ამ ომს. ჩვენი რეაგირება არის ნათელი – დახმარებას ვუწევთ უკრაინას და ვუერთდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, – განაცხადა დიპლომატმა.

მან ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე და მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც სამთავრობო და საპარლამენტო დონეზე ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და ხალხთაშორის კავშირებზე.

დიპლომატმა შვედეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროინტეგრაციის მიმართ უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის სახელით ამის თქმის უფლება ვინ მოგცათ – ლომჯარია ხუნდაძის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: „თქვენ არ გინდათ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“