საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ახალ შემადგენლობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ახალი შემადგენლობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომაზე საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა ექვსმა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ადა მარშანია.

დადგენილების პროექტი ბიუროს სხდომას წარედგინება, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება.

ბიურო მიიღებს გადაწყვეტილებას, შევა თუ არა აღნიშნული საკითხი პარლამენტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში.

დაკომპლექტდა 10 მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია და გადანაწილდა კვოტები, რასაც საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობიდან წასული დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის პროტესტი მოჰყვა. დეპუტატებმა გააპროტესტეს ის ფაქტი, რომ აღარ იქნებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში. ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ კანონმდებლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, წარდგენილი იყვნენ დელეგაციაში.

რაც შეეხება დელეგაციის შემადგენლობას, კომიტეტის სხდომაზე წარდგენილი დადგენილების პროექტის მიხედვით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში წარდგენილი არიან თამარ ჩუგოშვილი, არჩილ თალაკვაძე, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, დავით ბაქრაძე. სათადარიგო შემადგენლობაში კი სოფო კილაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

საპარლამენტო დელეგაციების კვოტების გადანაწილება პარლამენტში განვითარებულ პროცესებსა და ახალ საპარლამენტო კონფიგურაციას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიის ელჩი პატრიკ ფრანცენი მიიღო
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია – ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაც ხდება, პირდაპირი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება