საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა

აქწერსაგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის, ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
საპარლამენტო ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ წარმოდგენილი „უკრაინის უმაღლესი რადას წევრის ნადია სავჩენკოს პატიმრობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა, რომელსაც მხარი ერთხმად დაუჭირეს.

რეზოლუციის პროექტით, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას:
1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნადია სავჩენკო და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ან გადასცეს ისინი უკრაინას;
2. არ დაუშვას სავჩენკოსა და სხვა უკანონოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების მძევლად გადაქცევის, მათი სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნისა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

მომხსენებლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება დააკავოს, დააპატიმროს, ბრალი წაუყენოს ან გაასამართლოს უკრაინის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის. მისივე განცხადებით, მხედველობაში ვიღებთ, 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმებებით გათვალისწინებულ საკითხს, ყველა მძევლისა და იმ პირთა გაცვლის შესახებ, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაკავებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის კონტექსტში. „2015 წლის იანვრიდან, ნადია სავჩენკო სარგებლობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის საპარლამენტო იმუნიტეტით – იმუნიტეტით, რომელიც არ იქნა გაქარწყლებული დაკავებულის მიერ – და რომ, რუსეთის ფედერაცია, როგორც „პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ ევროპის საბჭოს ზოგადი შეთანხმებისა“ და მისი დამატებითი ოქმების მხარე, ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლით ნაკისრ ვალდებულებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, ეს არის ჩამოყალიბებული, საყურადღებო, საქმიანი და მკაცრი დოკუმენტი, სადაც სწორად არის მითითებული საერთაშორისო სამართლის ნორმები და ადრესატი.

„ეს არის ხმა რუსეთის აგრესიის ყველა მსხვერპლისა, არა მხოლოდ საქართველოში არამედ, იმ ქვეყნებისაც, სადაც რუსეთს ამგვარი აგრესია ჩაუდენია, ასევე, იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთის მხრიდან უსამართლობას დაექვემდებარნენ. საქართველოს პარლამენტი, ამ რეზოლუციით გამოხატავს ამ ქვეყნების და ამ ადამიანების ხმასაც“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

როგორც თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, დოკუმენტის მიმართ კომიტეტს მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები გააჩნია, რაც პროექტის ინიციატორმა გაიზიარა.

banner
წინა სტატიაშიაზებაიჯანმა საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიანადია სავჩენკოს მხარდასაჭერ რეზოლუციას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს