საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება

საქართველოს საგარეო სამინისტროს შენობასთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ტარდება.

“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ მოვედით, რომ აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდაოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა

საერთო ჯამში კი ეს აქცია ეძღვნება იმ მთავარ მოთხოვნას, რასაც ჰქვია ამ ორი ადამიანის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება”. – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

აქციაზე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფება ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიას თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განსაკუთრებული უტიფრობისა და და ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანების მსხვერპლნი არიან.

“ძალიან სამარცხვინო სტანდარტითაც კი, რომელიც ივანიშვილმა დაამკვიდრა, ამ ორი ადამიანის დაკავება, როდესაც სხვა პოლიტპატიმრებიც გვყავს 8 მარტიდან, რურუა, ახლა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს კომისიაში, არის უტიფრობა და ეს ორი ადამიანი განსაკუთრებული უტიფრობის მსხვერპლია – მძევლები არიან.

პირდაპირ, სახეში შეურაცხყოფენ მთელ საზოგადოებას, რომ რასაც გვინდა იმას ვიზამთ პოლიტიკური ამოცანისთვის – ოპოზიციის დემონიზებისთვის. ეს არის საქმე იმის, თუ როგორი მომავალი ექნება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანის, არა მარტო ამ 2 მსხვერპლს”. – თქვა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ახლადარჩეულ მერს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ცნობილია