საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

გერმანული მედია: ევროკავშირი უკრაინას და საქართველოს 2016 წლიდან ვიზებს გაუუქმებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, ის ნეგატიური შედეგები გააცნობიერონ, რომელიც შეიძლება მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას მოჰყვეს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება დაამტკიცეს, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.

განცხადების თანახმად, ევროპარლამენტის სესიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ესწრებოდა.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერა, რომელიც დღევანდელი კენჭისყრით კიდევ ერთხელ დადასტურდა. მოხარული ვართ, რომ ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეფასდა.

ვაფასებთ ევროპარლამენტის მიერ გამოხატულ ნდობასა და თანადგომას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც დამატებითი ბიძგის მომცემია ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომი რეფორმების გასაგრძელებლად.

ევროპარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა და პარტნიორობა კონკრეტული სარგებლის მომტანია საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს თავის ვალდებულებებს პარტნიორების მიმართ და შემხვედრი ნაბიჯებით პასუხობს ქვეყნის ძალისხმევას ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც საშუალება მიეცემათ, ყველა იმ სიკეთეებით ისარგებლონ, რაც ევროკავშირში თავისუფალ გადაადგილებასა და ევროპასთან მჭიდრო ურთიერთობებს მოაქვს.

„შემდგომი პროცედურის თანახმად, ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ, განახლებულ რეგულაციას დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რითაც ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების პროცესი საბოლოოდ დასრულდება. ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ ცვლილებების ფორმალური ხელმოწერის შემდეგ, რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში)“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაბამისი მოთხოვნები და მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა ზედმიწევნით უნდა დაიცვან.

„გამომდინარე იქიდან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული მექანიზმი მესამე ქვეყნებიდან მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდისა და ამასთან დაკავშირებული რისკებისა და საფრთხეების შემთხვევაში დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობას ითვალისწინებს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ გააცნობიეროს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს მათ მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის პირობების დარღვევას.

დარწმუნებული ვართ, საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს უვიზო მიმოსვლის პირობებში და ზედმიწევნით დაიცავენ შესაბამის მოთხოვნებს და მიმღები ქვეყნების კანონმდებლობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანმა დღვანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია: ვიზა-ლიბერალიზაციის სიკეთით ისარგებლებს აფხაზეთის მოსახლეობა