საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველო მზადაა, ხელი შეუწყოს დეესკალაციას, რეგიონში მშვიდობის დამყარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

„შეშფოთებით ვაკვირდებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო გამწვავებას, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება. იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა მხარეებს შორის და თავიდან აცილება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველო მოუწოდებს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, საერთაშორისო აქტორებს, მთელი ძალისხმევა მიმართონ ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისთვის. ჩვენი მხრივ კი ვაცხადებთ, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და

უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.

banner
წინა სტატიაშიმთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს დუპირისპირდნენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აფხაზეთის ომში დაღუპული ქართველი გენერალ-მაიორის, გენო ადამიას შვილებს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ეროვნული გმირის ორდენი გადასცა