საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართველი სამხედროს ტყვეობის ფაქტს ადასტურებს

კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სოსო ოსურაულის ტყვეობის ფაქტს ადასტურებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ ინფორმაცია 22 თებერვალს მიაწოდა. უწყების ცნობით, კონგოს მხარის ინფორმაციით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.

“პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს რესპუბლიკის ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მიმდინარე წლის იანვარში, რომ მეამბოხეების მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად შესაძლოა დაჭრილთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქის/მოქალაქეების მონაწილეობას ხსენებულ ინციდენტში. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ ჩვენთვის. 22 თებერვალს საქართველოს საელჩოს პრეტორიაში კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ხსენებული ინციდენტის შედეგად, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, თუმცა იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის აღმოსავლეთ კონგოს ქალაქ გომაში.

კონგოს მხარის ინფორმაციით, ხსენებულ საკითხზე გრძელდება გამოძიება კონგოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი სტრუქტურების მიერ.

საქართველოს აღნიშნული მოქალაქეების კონგოში ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. როგორც ვიცით ეს პიროვნებები არიან ყოფილი სამხედროები და დამოუკიდებლად იმყოფებოდნენ კონგოში.

სიტუაცია რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი იმყოფება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კონტაქტზეა კონგოს მთავრობასთან რათა მოხდეს სიტუაციაში დეტალურად გარკვევა და საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე მსჯელობას კვლავ პირველი მოსმენის რეჟიმში განაგრძობს
შემდეგი სტატიაპროკურატურა მოქმედებს ივანიშვილის დავალებით-თინა ბოკუჩავა ე.წ. ციანიდის საქმეზე