საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე. წ. შეთანხმებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით 2017 წლის 31 მარტს ე. წ. შეთანხმების ხელმოწერას.

აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯს, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ქმედებები და ცალსახა აგრესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისა და ევროპული უსაფრთხოების სისტემის სრული მოშლისაკენ.
ამ გზით რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო პროცესში რაიმე პროგრესის მიღწევას.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრირების ფონზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მოსკოვი კვლავ უარს აცხადებს ძალის არგამოყენებაზე და ხელს უშლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებების პრაქტიკა, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.

მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები და მიიღოს ზომები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ჯეროვანი რეაგირების მიზნით“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ცენტრ-პოინტის“ საქმეზე ყველა ქონებას ყადაღა მოეხსნა
შემდეგი სტატიაევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ-ს დაშლას მხარი დაუჭიროს