საგარეო საქმეთა სამინისტრო “ღია კარის” პოლიტიკის გადაწყვეტილებას მისალმება

რუსეთი ისევ არღვევს საქართველოს კონტროლირებად საჰაერო სივრცეს

ქართული მხარე მიესალმება ნატო-ს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და აფასებს მათ, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

როგორც საგარეო საქმათა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს ქვეყნის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესი, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ურყევი არჩევანის – ნატო-ში გაწევრიანების – განხორცილება.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ა.წ. 1–2 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებებს “ღია კარის” პოლიტიკასთან დაკავშირებით.

ქართული მხარე ულოცავს მონტენეგროს ალიანსში მიწვევის მიღებას. ამ გადაწყვეტილებით მოკავშირეებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება “ღია კარის” პოლიტიკის მიმართ, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

ქართული მხარე მიესალმება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და აფასებს მათ, როგორც მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მინისტერიალის შედეგად მიღებულ დოკუმენტში ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომლის თანახმად, საქართველო გახდება ნატო–ს წევრი ქვეყანა.

ნიშანდობლივია, რომ მოკავშირეების მიერ პირველად მოხდა საჯაროდ იმის დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატო–ს წევრობისთვის მოსამზადებლად. რაც შეეხება “წევრობის სამოქმედო გეგმას” (MAP), იგი ფაქტიურად ხდება საქართველოს ნატო–ში გასაწევრიანებლად მიწვევის თაობაზე მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი.

ნატო–ს წევრებმა დადებითად შეაფასეს ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საბოლოო ჯამში, ეხმარება ნატო–ს წევრობისთვის მომზადებაში. ამავე დროს, მისასალმებელია, რომ ვარშავის სამიტისთვის, ნატო–ს მიერ განხილული იქნება ახალი პრაქტიკული საშუალებები პაკეტის იმპლემენტაციისკენ მიმართული ძალისხმევის გასამყარებლად, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და ასევე, თავდაცვის და სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროებში გაზრდილი თანამშრომლობის მეშვეობით.

ალიანსის წევრებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს მიერ ნატო–ს ოპერაციებსა და ნატო–ს სწრაფი რეაგირების ძალებში შეტანილი წვლილისთვის და ხაზგასმით აღნიშნეს საერთო უსაფრთხოების გასამყარებლად ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი და ძალისხმევა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესს და აღნიშნა ქვეყნის ძალისხმევა მიმართული დემოკრატიის გაძლიერებისკენ, სასამართლოს და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმირებისკენ, ისევე როგორც შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისკენ.

გვსურს ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ნატო–მ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა რუსეთს აიღოს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, გააუქმოს საქართველოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები ქვეყნის ტერიტორიიდან. ამას გარდა, ალიანსმა დაადასტურა, რომ იგი არ აღიარებს რუსეთსა და საქართველოს რეგიონებს შორის დადებულ ე.წ. “ხელშეკრულებებს” და განიხილავს მათ, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების, ეუთო–ს პრინციპებისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების უხეშ დარღვევას.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას გააგრძელოს ქვეყნის რეფორმირებისა და მოდერნიზაციის პროცესი, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ურყევი არჩევანის – ნატო-ში გაწევრიანების – განხორცილება”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა პირობა დადო, რომ ჩერნოგორიის ნატოში მიწვევას უპასუხოდ არ დატოვებს
შემდეგი სტატია“ავარია მამაჩემის ბრალი არ ყოფილა”- რას ყვება გარდაცვლილი ტაქსისტის შვილი