საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებებთან კითხვარის შევსების მიმდინარეობა შეაფასა

2022 წლის 21 აპრილს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის შევსების საკითხების განხილვის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის დათქმულ ვადებში შევსებასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესის კოორდინაციას, შეფასებას და შემდგომი სამოქმედო ნაბიჯების დასახვას.

როგორც ილია დარჩიაშვილმა უწყებებთან შეხვედრაზე განაცხადა,
ევროკავშირში გაწევრიანების თვითშეფასების კითხვარის საქართველოსთვის გადმოცემა წარმოადგენს ისტორიულ ნაბიჯს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით სამთავრობო უწყებები მობილიზებულები არიან კითხვარის ეფექტიან და მოკლე ვადებში შევსებისთვის. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა სახელმწიფო უწყებას და დოკუმენტზე მომუშავე საჯარო მოხელეებს პროცესის წარმატებული მართვისთვის.

როგორც ცნობილია 2022 წლის 15 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, სადაც ყველა უწყებას დაევალა რესურსების მაქსიმალური მობილიზება კითხვარის შემჭიდროვებულ ვადებში შევსების მიზნით.

როგორც ცნობილია კითხვარის შევსების პროცესს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, უწყებაში საექსპერტო/ტექნიკურ დონეზე გაიმართა არაერთი საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს ანგარიშს, ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა სანქციების სია გააფართოვა
შემდეგი სტატიაუკრაინაში იარაღის ახალი ტვირთი გაიგზავნა – ესპანეთის პრემიერი