საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

2017 წლის 8 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან, მალგოჟატა გოშევსკას ხელმძღვანელობით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველო მუდმივად გრძნობდა მტკიცე მხარდაჭერას როგორც პოლონეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან. თავის მხრივ, მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ მალგოჟატა გოშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთის პოლიტიკური სპექტრი, რიგ საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, საქართველოს მიმართ ყოველთვის ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოირჩევა.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ჩამოყალიბებულ აქტიურ თანამშრომლობაზე. ამ კუთხით, მალგოჟატა გოშევსკამ ისაუბრა კავშირების შემდგომი გაღრმავების მიზნით დასახულ სამომავლო გეგმებზე.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს საქართველო და პოლონეთი მაღალი დონის ვიზიტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით დატვირთული დღის წესრიგით ხვდებიან. ხაზი გაესვა მაისში, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას მიერ საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ სახელმწიფო ვიზიტს.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. მინისტრის მოადგილემ მეგობრობის ჯგუფის წევრებს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნოემბერში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.

ყურადღება ასევე გამახვილდა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მალგოჟატა გოშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთი კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს და მაქსიმალურად იყენებს ყველა შესაძლო ფორუმს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფს საქართველოში სტუმრობისთვის და ვიზიტის წარმატებით განხორციელება უსურვა. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მონაწილეობას მიიღებენ ბაკურციხეში, წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის სახლ-მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიალში.

banner
წინა სტატიაშიოქიტაშვილი პროფკავშირების ბალანსზე არსებული ქონების გასხვისების კანონიერების შესწავლას მოითხოვენ
შემდეგი სტატია„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში მერობის კანდიდატი წარადგინა