საგარეო კომიტეტების ყველაზე გავლენიანი თავმჯდომარეები – მთავრობამ გამოიჩინოს თავშეკავება

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ახლოდან აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და რომელიც საქართველოში მხარეებს შორის მოლაპარაკების მიზნითაც იმყოფებოდა, ევროპისა და ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად განცხადებას ავრცელებს და შექმნილ კრიზისში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

​საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ წერილში ვკითხულობთ, რომ ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოააშკარავა. საპარალმენტო კომიტეტების ხელმძღვანელები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, იზრუნონ პოლიტიკური გამოსავლის ძებნისთვის და არ მიმართონ იმ ტიპის პრაქტიკებს, რომელიც “ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ სხვებმა გამოიყენეს”.

დიპლომატები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციისაკენ მიმართულ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ ძალადობისა და თავისუფლებაზე მიტანილი იერიშის შედეგად საქართველოს ევროატლანტიკური კურსი თავდასხმის ქვეშ არის.

“ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე ნიკა მელიას დაპატიმრების მიზნით განხორციელებულმა შტურმმა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოააშკარავა.

მოვუწოდებთ ქართველებს, გაერთიანდნენ ბოლო წლებში აღმოცენებული პრობლემებისთვის პოლიტიკური გამოსავლის მოსაძებნად და არ მიჰყონ ხელი იმ ტიპის პრაქტიკას, რომელიც სხვებმა გამოიყენეს, ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ.

დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება, ხაზს უსვამს ხელისუფლებაში მყოფი თითოეული პირის პასუხისმგებლობას, გამოიჩინონ თავშეკავება. მთელი ქვეყნისთვის დამდგარი შედეგები კი სწორედ მათი პასუხისმგებლობა იქნება, ვინც თავშეკავებას არ გამოიჩენს. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში არა ეჭვის, არამედ თავდასხმის ქვეშ არის ძალადობისა და თავისუფლებების შელახვის შედეგად”, – ვკითხულობთ ევროპისა და ამერიკის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ წერილში.

პავილიონისი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმჯდომარეებთან ერთად გამოქვეყნებული განცხადების შესახებ ამბობს, რომ ეს დასტურია საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთობლივი გამკლავებისა.

“სოლიდარობის ეს ერთობლივი განაცხადი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყველაზე გავლენიან თავმჯდომარეებთან ერთად, … კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ მარტონი საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავებაში, ხელისუფლებაში მყოფთა პასუხისმგებლობის ხაზგასმით ძალადობის წაქეზებასა და თავისუფლების წინააღმდეგ მიტანილი იერიშის გამო”, – განაცხადა პავილიონისმა.

ერთობლივ წერილს ხელს აწერენ აშშ-ის სენატის, გერმანიის ბუნდესტაგის, ბრიტანეთის წარმომადგენელთა პალატის, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე – ხელისუფლებას მოუწევს დათმობებზე წასვლა
შემდეგი სტატიამელიას წერილი ციხიდან – ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი