საგარეჯოში, 29 ივლისიდან Instagram-სა და TikTok-ზე უცნობი მომხმარებელი ყალბი ანგარიშიდან არასრულწლოვანებისა და მათი მშობლების დამონტაჟებულ, შეურაცხმყოფელ ფოტომასალასა და ტექსტებს ავრცელებს და 10 000 ლარს ითხოვს.
მუქარის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ შესრულდება, ან პოლიციას შეატყობინებენ, 3 ადამიანის მოკვლით იმუქრება. საგარეჯოელები ამბობენ, რომ უცნობი პირი უკვე სატელეფონო ზარებით მუქარაზე გადავიდა, რის გამოც ორ არასრულწლოვანს სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
“ყოველ საღამოს ველოდებით გამოჩნდეს ეს ადამიანი და უსაზიზღრესი რაღაცები დაწეროს. ფოტოები რომ აღარ გამოაქვეყნოს, ითხოვს 10 000-ს. სოფლის რესტორანია კარიბჭე და ითხოვს, რომ იმ ადგილას რომ დაიდოს 100-ლარიანი კუპიურებით 10 000 ლარი. დარწმუნებულია, რომ პოლიცია ვერ შეეხება”,- ამბობს მოქალაქე.
შსს-ს ამ დროისათვის ადმინისტრაციული წარმოება აქვს დაწყებული, თუმცა უფლებადამცველები ამბობენ, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან:
“აქ საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ რეაგირება უსწრაფესად მოახდინოს, რადგან საქმე არასრულწლოვანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ხელშეუხებლობას ეხება, მათ ღირსებას ეხება. პოტენციური მოძალადეების ქმედებები ლახავს მათ ღირსებას, სახელს. ეს გოგონები არიან არასრულწლოვანებიც და სრულწლოვანებიც.”– ამბობს ტვ პირველთან უფლებადამცველი.
საგარეჯოს პოლიციის ეზოში, დღეს, 18:00 საათზე მშობლები შეკრებას აანონსებენ. მათი მოთხოვნა პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაა.















