საგარეჯოს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომსახურე პერსონალს წიწაკის სპრეი შეასხეს.
როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან” იუწყება, შემთხვევა 25 მაისს მოხდა, როდესაც ადგილზე თანამშრომლები, მყიდველები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
საქმეში არასრულწლოვანი ფიგურირებს. ინციდენტის შედეგად ბავშვებს პირღებინება, ხოლო უფროსებს ცრემლდენა და ინტოქსიკაციის სხვა სიმპტომები გამოუვლინდათ. დაზარალებულებს სამედიცინო ჩარევა დასჭირდათ.
განცხადება თავად სუპერმარკეტმაც გააკეთა.
“ჩვენს მაღაზიაში დაფიქსირდა საგანგაშო შემთხვევა. შემოვიდა ორი პიროვნება, რომლებმაც გაავრცელეს მომწამვლელი ნივთიერება. შედეგად, მოქალაქეებსა და თანამშრომლებს განუვითარდათ ინტოქსიკაცია. ფაქტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია, როგორც უკიდურესად მძიმე და საზოგადოებისთვის საშიში ქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადგილობრივების თქმით, არასრულწლოვანის დედა წარსულში ამავე მაღაზიიდან გაათავისუფლეს და არ გამოირიცხება, რომ მომხდარი შურისძიებას უკავშირდებოდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო















