საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შოვში, მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
ამას გარდა, უწყება მოხალისეებს მოუწოდებს, რომ დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგან ეს სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის საფრთხის შემცველია.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.
ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.
აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,” – წერია განცხადებაში.