საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, შუქის ჩაქრობა და ლოდინი ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა, ამიტომ ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ

ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს, რათა ვირუსის გავრცელების პიკი იყოს მართვადი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი. პიკი დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მართვის ხარისხი როგორი იქნება. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ პიკში საერთოდ არ შევიდეთ. ჩვენ როდესაც ვამბობთ სამოქალაქო თვითშეგნება, პასუხისმგებლობა, ეს არ არის რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვები. ყველა ხომ ვხვდებით, რომ გლობალურად სამყარო საერთოდ შეცვლილია, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცანა გახლავთ იმაში, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩვენ ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, რაც შეიძლება ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების შედეგად. მსხვერპლს როდესაც ვამბობთ, არ ვგულისხმობთ მაინცდამაინც ადამიანების ჯანმრთელობას მხოლოდ, ჩვენ ყველას კარგად ხომ გვესმის, ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა, რომლის დაკარგვაც ფაქტობრივად მოგვიწევს“,- განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მარტივი გადაწყვეტილებაა, თუმცა მთავრობა ცდილობს, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ გააკეთოს.

„ახლაც ვხედავთ ყოველდღიურად ეკონომიკური აქტივობა როგორ არის შესუსტებული. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ დაბალანსებული ნაბიჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი, თორემ მარტივია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. საერთოდ, შუქის ჩაქრობა და ლოდინი ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა, უბრალოდ ამას რა ფასი ექნება და ეს ყველაფერი როგორ დასრულდება, ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა სად იქნება. ამიტომ ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ ნაბიჯ-ნაბიჯ.

რა თქმა უნდა, პირველი პრიორიტეტი გახლავთ მოქალაქის ჯანმრთელობა. ეს არის პრიორიტეტი, ნომერი ერთი. მეორე გახლავთ ჩვენი ეკონომიკა და მაქსიმალურად ვაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დარტყმა ეკონომიკაზე იყოს შერბილებული. მესამე პრიორიტეტი გახლავთ ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და ლოჯისტიკა და მეოთხე პრიორიტეტი გახლავთ ეს სამოქალაქო წესრიგი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ფოსტას დაევალათ, შექმნან მექანიზმი, რომლითაც სოციალურ დაუცველებსა და 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს მომსახურებას გაუწევენ
შემდეგი სტატიამთავრობა სპორტდარბაზებისა და სპა-ცენტრების ფუნქციონირებას კრძალავს