საგანგებო ბრიფინგი ენმ-ში – შესაძლოა დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს

შესაძლოა დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა გამოცხადდეს. ნაციონალური მოძრაობის ის ჯგუფი, რომელიც პარტიას ტოვებს, პოლიტიკურ ცხოვრებას სხვა ორგანიზაციის სახელით განაგრძობს.

საგანგებო ბრიფინგი პარტიის ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე ჩაინიშნა – პოლიტიკური ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას გაასაჯაროებენ. ცვლილებებია მოსალოდნელი საპარლამენტო ფრაქციაშიც.

თავმჯდომარის გადაყენებასთან ერთად საუბარია თავად ფრაქციის სახელწოდების შეცვლაზეც, თუმცა ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში საკუთარი ფრაქცია მაინც ექნება. დეტალები ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.

„სამწუხაროდ ეს პროცესი, რაც განვითარდა, ამაში არაფერი კარგია არ არის, თუმცა ეს არის დღეს მოცემულობა, ამას სჭირდება ახსნა, რა ხდება, რატომ იყოფა ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად ეს განცხადება გაკეთდება.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი პარტიის ლიდერებისა ამიტომ პოლიტიკური ბრძოლა გაგრძელდება და ნებისმიერ ადამიანს ამ მოძრაობაში უნდა ესმოდეს, რომ მთავარი საფუძველი ჩვენი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და არა ერთმანეთთნ,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.

დღის ბოლოს მოკლე განცხადებები ნაციონალური მოძრაობის მეორე ნაწილშიც გააკეთეს. ხათუნა ოჩიაური ამბობს, რომ ე.წ. ბოკერიას გუნდის მიერ გასვლის შესახებ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ იქნა მიღებული.

„როგორც ჩანს მათ არ ჰქონდათ თავიანთი ხედვების, მოსაზრებების გამარჯვების იმედი პარტიის შიგნით, მათ პრობლემა აქვთ პარტიის ხალხთან, ჩვენს ამომრჩეველთან,“-აცხადებს ოჩიაური.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძესთან ერთად, მისი მეგობარიც დაჭრეს
შემდეგი სტატიადისკრიმინიაცია ღამის კლუბში-ქართველი მამაკაცების შეშვებასთან დაკავშირებით პრობლემებს მენეჯერები უარყოფენ