საგანგაშო არაფერი არ არის – ანრი ოხანაშვილი ეუთოს უმწვავეს დასკვნაზე

„საგანგაშო არაფერი არ არის აქ,“ – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეუთოს შემაჯამებელ დასკვნას, რომელიც უმწვავესია.

ეუთოს მიერ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შემაჯამებელ დასკვნაში არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის მოქალაქეებისთვის ვალების განულების პროგრამა „ხმების მოსყიდვად“ არის მოხსენიებული.

ამის მიუხედავად, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ეუთოს დასკვნაში საგანგაშო არაფერი არ არის და შენიშვნებთან ერთად დადებით ასპექტებზეც არის საუბარი.

„როგორც გითხარით, არის ორი მიმართულება – ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები,“ – ამბობს ოხანაშვილი.

დოკუმენტის შინაარსი უმწვავესია. ასეთი რადიკალურად ნეგატიური შეფასება ყველაზე გავლენიან სადამკვირვებლო მისიას საქართველოს არჩევნებზე ბოლო 20 წელია, არ დაუდია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალი თანამდებობის პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობამ კიდევ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის.

ეუთოს დამკვირვებლები წერენ, რომ უბნებზე მობილიზებული მმართველი პარტიის კოორდინატორების გამო ეჭვი გაუჩნდათ, რომ ამომრჩეველი ვერ ახერხებდა ხმის მიცემას ზეწოლისა და ანგარიშსწორების შიშის გარეშე.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკური დევნაა” – რომან გოცირიძე “თიბისი ბანკის” საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატია“გამორიცხული არაა საქმე იქამდე მივიდეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეიცვალოს”-ირაკლი აბესაძე