საგანელიძე: გვაქვს ამბიცია, საქართველო რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ

“ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო სატრანზიტო ქვეყანა. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, რომლებმაც საქართველო გლობალური ბიზნესისთვის ხელსაყრელ ქვეყნად აქცია და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ საქართველო გეოპოლიტიკურ რუკაზეც რეგიონის საინვესტიციო ცენტრად ვაქციოთ,“ – ეს განცხადება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. პანელი „გამოიყენე საინვესტიცოო შესაძლებლობები“ საქართველოს პრემიერმინისტრმა გახსნა.

ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, დავით საგანელიძემ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში „საპარტნიორო ფონდის“ როლისა და ფონდის საინვესტიციო პროექტების შესახებ ილაპარაკა. მისი განცხადებით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები კი – მათთვის სერიოზული სიგნალი.

„მსოფლიო საქართველოს სანდო პარტნიორად მიიჩნევს. სანდო პარტნიორია ინვესტორებისთვის საქართველოში „საპარტნიორო ფონდიც“. ჩვენი მიზანია, განვავითაროთ რეგიონები და ეკონომიკის ის დარგები, რომლებიც ჯერ არ არის ათვისებული. ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. ჩვენი თანამონაწილეობა კი ამ მოცულობაში 350 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ ინვესტირებულმა ერთმა დოლარმა შვიდი დოლარი მოიზიდა. მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ ეს ყოველწლიურად მზარდი მონაცემები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ როგორი პერსპექტივები შეიძლება გაჩნდეს ჩვენ წინაშე უახლოეს მომავალში და ეს საქართველოს გლობალური დატვირთვის მქონე პროექტებში აქტიურ ჩართულობას უკავშირდება“,- განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ფორუმის ფარგლებში გაფორმდა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები „საპარტნიორო ფონდსა“ და შანხაის უმსხვილეს ხუასინის ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ის შორის და დაფუძნდა ერთობლივი „საქართველოს მშენებლობის ეროვნული ფონდი“, ასევე გაფორმდა ხელშეკრულება ჩინეთის ძიანგსის პროვინციის წყლისა და ჰიდრორესურსების სამშენებლო კომპანიასთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: “ქვეყანაში დაიწყოს საკაშვილთან დაპირისპირებული ადამიანების მასიური დაპატიმრება!”
შემდეგი სტატია“არსებობს მაღალი ეჭვი, რომ ეს იყო ჩატაევი” – ირაკლი სესიაშვილი