საგამოძიებო სამსახურმა თბილისში არალეგალურად მოქმედი კაზინო გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში გამოვლენილია არალეგალურად მოქმედი აზარტული სათამაშო კლუბი, კაზინო.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს სამ მოქალაქეს, დავით ჩ., გიორგი ლ., და საბა ქ. ქალაქ თბილისში, თაბუკაშვილის ექვს ნომერში, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვისა და ყოველგვარი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც მათივე ორგანიზებით სისტემატიურად იმართებოდა სხვადასხვა აზარტული თამაშები.

თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ მხილებული პირები გასამრჯელოს სახით იღებდნენ აზარტულ კლუბში შესული თანხის 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით ანაწილებდნენ აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს არქივმა “დიდი ტერორის” პერიოდის დოკუმენტური მასალა გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიამოსკოვი საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ წვრთნებს პროვოკაციას უწოდებს