საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ტერიტორიაზე 12 კილოგრამი ოქროს შემოტანის ფაქტი გამოვალინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, უპრეცედენტო რაოდენობის, 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა.

გამოძების ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ბაირამ განჯალიევმა და ელმან ჰუსეინოვმა, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის’’ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბაირამ განჯალიევის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ თამარ სანიკიძეს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია: თამარ სანიკიძე არ არის ის პიროვნება, რომ კომუნიკაციას გაურბოდეს