საგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოს რეგიონში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურ მუშაობას აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის კუთხით.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში, პირთა ჯგუფის მიერ  მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და  სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ შემთხვევაში, ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ხოლო მესამე შემთხვევაში,  ბრალდებულის   საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო სამსახური შემოსავლების სამსახურთან ერთად აქტიურად ახორციელებს უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთას. სავაჭრო ობიექტებში პერმანენტულად ტარდება შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. მიმდინარე წელს,  1 იანვრიდან 11 მაისის ჩათვლით, საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის  თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით    აღნიშნული კატეგორიის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 172 ფაქტი გამოვლინდა. ადმინისტრაციული წესით ამოღებულია 14 000-ზე მეტი კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი. ამავე პერიოდში, საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება  დაიწყო სისხლის სამართლის   31  საქმეზე, ამოღებული სიგარეტის რაოდენობა  46 051 კოლოფს შეადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნა 25  პირის მიმართ დაიწყო.

 

 

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: “ანტრიკოტას” ეცოდინება
შემდეგი სტატიაპარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ