საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინ ტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ხდებოდა მისი განაღდება.
ბრალდებულ პირთა მიერ გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები ზომით, წონით და სხვა პარამეტრებით მიმსგავსებულია ეროვნული ბანკის მიერ ემისირებულ მონეტებს. გამოძიების ამ ეტაზე დადგენილია, რომ მათ მიერ გასაღებულია ჯამში დაახლოებით 8 000 ცალი ყალბი მონეტა.
ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ყალბი ფულის დასამზადებლად საჭირო ყალიბები, შესაბამისი ნედლეული და 41-ცალი ყალბი 1-ლარიანი მონეტა.
გრძელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეულ სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.