საგამოძიებო სამსახურმა 30 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენების საქმეზე სამი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, თითქოსდა, ხდებოდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, რა გზითაც, ხელოვნურად შეიქმნეს ყალბი აქტივი დამატებული ღირებულების გადასახადში. აღნიშნული აქტივი შემდგომში გამოყენებული იქნა მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებებისა და საქართველოში იმპორტირებული საქონლის განბაჟებისთვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისათვის.

ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიანაკლიისა და ფოთის პორტების პროექტები შეიძლება ჩაიშალოს – გიორგი ქობულია სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ხელისუფლებას აფრთხილებს
შემდეგი სტატიახულოში, მერიასთან მდებარე tbc pay-ის აპარატი მოიპარეს