საგამოძიებო სამსახურმა 23 მეწარმე პასუხისგებაში მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ექვს ფაქტზე 23 მეწარმე მისცა პასუხისგებაში.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ვაჟა ფანოზიშვილმა განაცხადა,17 მეწარმე პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ექვს პირს ბრალდება წარედგინა დაუსწრებლად და გამოცხადდა ძებნა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც, ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურებს, ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში. რომელსაც შემდგომში იყენებდნენ საქართველოში იმპორტირებული საქონლის, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისთვის განკუთვნილი გადასახადების გადახდისა და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისათვის“, – განაცხადა ფაზონიშვილმა.

მისივე თქმით, დადგენილია, რომ ფიქტიურად, ყალბად შექმნილი აქტივის ოდენობა აღემატება 85 000 000 ლარს, რის შედეგადაც, სახელმწიფო ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

„ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებში სხვა კომპანიებისა და და პირების გამოვლენა მხილების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, – განაცხადა ფანოზიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თბილისი პრაიდი” – აშშ-ს საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატია,,თბილისი პრაიდის” ოფისთან სასულიერო პირების და ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს