20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიების მიმართ დაწყებულია გამოძიება

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე – შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“ დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები,- აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშში.

მათივე ინფორმაციით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

„დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს „არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დააინიცირა
შემდეგი სტატიარამდენი მასწავლებელი მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში- სტატისტიკა