33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

საგამოძიებო მედია “მონიტორის” Facebook-გვერდი აღარ იძებნება

Facebook-ზე აღარ იძებნება საგამოძიებო მედია „მონიტორის“ გვერდი.

„მონიტორის“ ჟურნალისტის, მარი დუდუნიას მიერ გამოქვეყნებულ „სქრინზე“ ჩანს, რომ „მეტა“ მათ ედავება „საავტორო უფლებების დარღვევას“. გამოცემის ბოლო ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ „ქოლცენტრებს“ ეხება. ის დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო.

მარი დუდუნია „ნეტგაზეთს“ ეუბნება:
 „ესენი არიან რაღაც „ექაუნთები“, ერთს ჰქვია „ზორო“, მეორეც რაღაც მსგავსი, ცალსახად ჩანს, რომ არის ყალბი მეილები, სპეციალურად შექმნილი იმისთვის, რომ დაგვარეპორტონ. ზუსტად ერთი კვირის წინ იგივე მოხდა YouTube-ზეც, მაშინ დაგვარეპორტეს მსგავსი მეილებიდან, გავასაჩივრეთ, YouTube-მა დაადგინა, რომ ეს არ იყო ავთენტური საჩივრები, ამიტომ აღგვიდგინეს გვერდი. ახლა Facebook-ზე ხდება იგივე და ეს ყველაფერი დაემთხვა იმას, რომ სამი დღის წინ გამოვაქვეყნეთ გამოძიების ანონსი თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ შესახებ, ეს ფილმი უნდა გასულიყო დღეს და „ფეისბუქს“ ვიყენებთ ჩვენი კონტენტის გასავრცელებლად, ყველაზე დიდი პლატფორმა ჩვენთვის ესაა“.
 მარი დუდუნია აღნიშნავს, რომ დაახლოებით თვე-ნახევარია მათ წინააღმდეგ აქტიური შეტევა მიმდინარეობს, ჯერ დაიბლოკა ერთი კონკრეტული ვიდეო FB-ზე, იგივე დროს დაიბლოკა ერთი გამოძიება YouTube-ზე, ერთი კვირის წინ მთლიანად YouTube გვერდი:

 „აშკარაა ჩვენთვის, არც კი გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის ორგანიზებული შეტევა და ვფიქრობთ, ჩვენი გაჩუმების მცდელობა, თუმცა ჩვენ რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებები. რა თქმა უნდა, ამ შეტევას ჩვენს წინააღმდეგ, ვუკავშირებთ ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებებს“, – ამბობს დუდუნია.

banner
წინა სტატიაშიროგორ დავიცვათ თავი სიცხისგან — დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
შემდეგი სტატიაბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო