საერთაშორისო სავაჭრო პალატა ე.წ. ოქროს სიის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

31 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ცვლილება დააკანონა, რომლის თანახმადაც ე.წ. ოქროს სია გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება.
კანონი, რომელიც გასაიდუმლოებული იყო ძალაში შედის 12 ივნისიდან.
ამ კანონის დაწესება და იმპორტიორებისთვის მხოლოდ 12 დღის მიცემა, რათა ფეხი აუწყონ და გაითვალისწინონ ახალი პირობები, კომპანიებში წარმოქმნის მძიმე ფინანსურ დაბრკოლებებს და პრობლემებს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ფაქტებზე დაყრდნობით იცის, რომ ბევრი „ოქროს სიაში“ შემავალი კომპანია ვერ შეძლებს საჭირო ფინანსების მოძიებას და ხარჯების დაფარვას 5 დღის განმავლობაში, რაც თავისთავად შეანელებს ან საერთოდაც შეაჩერებს მათ ოპერაციებს.
„ჩვენთვის სრულიად ნათელია, რომ ამ ცვლილებებით მთავრობა მიზანმიმართულად ცდილობს ივნისისა და ივლისის თვეში ბიუჯეტი შეავსოს, რაც არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება და ერთჯერადი გამოსავალი პრობლემის მიმართ, რომელიც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებს ბიზნეს კლიმატს და მნიშვნელოვნად დააზარალებს ოქროს სიაში მყოფ ბიზნესებს;

თავიანთი არაპროფესიონალიზმის გასამართლებლად გამოყენებული კომუნისტური არგუმენტი ფინანსთა მინისტრის მიერ თითქოს აცხადებს რომ კომპანიებს ამ ცვლილებებით პირობები გაუთანაბრდებათ, რაც იმას ნიშნავს რომ თუ ყველას ვერ ვამდიდრებთ, მაშინ ყველა გავაკოტროთ! ამ გადაწყვეტილებით მთავრობა მოიქცა როგორც ნარკომანი შვილი, რომელიც კლავს მშობლებს, ფულის ასაღებად, რათა შეიძინოს ნარკოტიკების ერთი დოზა“ – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ბ-ნმა ფადი ასლიმ.
საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს მთავრობას დაუყონებლივ გააუქმოს მიღებული ცვლილება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ქვეყანაში ბიზნეს კლიმატის დაზარალება.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

banner
წინა სტატიაშიმზად ვარ, მწვავე კითხვებს ამომწურავი პასუხი გავცე – ნათია თურნავა პარლამენტში მივიდა
შემდეგი სტატია“დიახ, ლაურა ღაჭავაზე ხდებოდა ზეწოლა, დივერსიას არ გამოვრიცხავ”- “ჩაინა ლილოს” დირექტორი ხანძრის გაჩენის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს