“საერთაშორისო გამჭვირვალობა” წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და შესაძლო ძალადობა-მუქარის შემთხვევებზე საუბრობს

საერთაშორისო გამჭვრივალობა- საქართველო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადებას აქვეყნებს, ორგანიზაცია წინასაარჩევნო გარემოს მიმოიხილავს და ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს:

„30 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით 50 ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდსაც აკვირდება, განსაკუთრებული აქცენტი კი საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე კეთდება. მთლიანობაში წინასაარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეებში გახშირდა შემთხვევები, რომლებიც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე შესაძლო ზეწოლას უკავშირდება. ჩვენ ამ ფაქტების გადამოწმებას ვცდილობთ. ამ ეტაპზე აღსანიშნავია რამდენიმე მათგანი. ასეთ ინციდენტებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირება ძალზე მნიშვნელოვანია, რათა გახშირებულმა შემთხვევებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების დღის პროცედურები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად წარიმართოს.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

25 ოქტომბერს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხაშურში – ვალერი გელაშვილი – ხვდებოდა ხაშურის გამგეობის თანამშრომლებს და მოითხოვდა მათ მხარდაჭერას. ჩანაწერში მხარეები პირდაპირ საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსების „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებაზე. შეხვედრის ფაქტს ვალერი გელაშვილიც ადასტურებს.

გელაშვილმა პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან ყველაზე დაბალი – 20%-იანი მხარდაჭერა მიიღო და მეორე ტურში „მრეწველების“ კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს საპარლამენტო მანდატისთვის.

26 ოქტომბერს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას „ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ თანამდებობის პირებს არ აქვს შეზღუდვა სამუშაო საათებში აგიტაციის კუთხით, ეს არ ნიშნავს მას, რომ თავისი უფლებამოსილების განხორცილების დროს შეუძლია ატაროს აგიტაცია. გარდა ამისა აკრძალულია აგიტაცია ადმინისტრაციულ შენობებშიც, რაც ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, მერმა, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია საკრებულოს სხდომაზე აგიტაციის გაწევით ხელი შეუწყო სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლას და დაარღვია საჯარო სამსახურის ნეიტრალურობის პრინციპი.

შესაძლო ძალადობის და მუქარის შემთხვევები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუსხში მათი შტაბის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.

განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ინციდენტში გუბერნატორის და სხვა საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა. უდავოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადეკვატური რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მათ შორის არჩევნების მეორე ტურის წინ მსგავსი შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო, თუმცა მომხდარი შესაძლოა ასევე სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

ახალციხეში უმწეოთა სასადილოს ორმა ბენეფიციარმა დაგვიდასტურა, რომ სასადილოში უთხრეს, თუ „ქართულ ოცნებას“ მხარს არ დაუჭერდნენ შეშის ყიდვისთვის განკუთვნილ დაფინანსებს ვერ მიიღებენ, შესაბამისად, ვერც საკვებს მოამზადებენ. ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ინფორმატორთა ვინაობას არ ვასახელებთ, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მივაწვდით ბენეფიციართა სახელებს და გვარებს.

დმანისში სოფელ კარაბულაკის სკოლაში, რომლის დირექტორიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ განათლების სამინისტროს ადგილობრივმა რესურსცენტრმა სკოლის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა გადამოწმების მიზნით. სკოლის დირექტორი ამ ფაქტს მის პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირებს.

ნინო ხარაიშვილი ადიგენში სოფელ ფხეროს საჯარო სკოლის დამლაგებლად მუშაობს, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მისი თქმით, სკოლის დირექტორმა ვლადიმერ ველიჯანაშვილმა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მას მოსთხოვა შეეწყვიტა „ნაციონალური მოძრაობისთვის” ღია მხარდაჭერა, წინააღდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდა სამსახურიდან. დირექტორმა ერთ-ერთ მიზეზად ასევე დაასახელა ის, რომ მასზე ზეწოლას ახდენენ ადიგენის გამგეობიდან, საიდანაც მას სკოლაში მომუშავე „ნაციონალური მოძრაობს“ მხარდამჭერების სია მიაწოდეს.

სავარაუდოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო იძულებული გახდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა გიორგი ჩილინგარაშვილს, რომელიც სოფელ არალში ვეტერინარად მუშაობდა. მისი თქმით, განცხადების დაწერას მას სურსათის უვნებლობის სააგენტოს ადიგენის სერვის ცენტრის თანამშრომლები მერაბ ვარდოსანიძე და ამირან ჩიტაძე აიძულებდა.

წყალტუბოში მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მისი თქმით, ისინი სამთვიანი ხელშეკრულებებით იყვნენ დასაქმებულები და 118 თანამშრომლიდან მხოლოდ მას არ გაუგრძელეს ხელშეკრულება. რესპონდენტმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის ანონიმურობის დაცვა გვთხოვა.

სავარაუდო ზეწოლა განხორციელდა ქალაქ ზუგდიდის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც მაღაზიის გამყიდველმა გვითხრა, რომ მასთან იყვნენ მისული მერიიდან (მისი ვარაუდით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები) და დაემუქრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერობის გამო; უთხრეს, რომ დააჯარიმებენ და ჯიხურს დაუხურავენ, რადგანაც ნებართვის გარეშე აქვს განთავსებული. მას მოსთხოვეს, ხმა აუცილებლად „ქართულ ოცნებას” მისცეს; მაღაზიის გამყიდველმა ასევე თქვა, რომ მას აიძულეს მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის გაკვრა ჯიხურის კედელზე. გამყიდველს არ სურს, რომ მისი ვინაობა გასაჯაროვდეს, რადგან დაჯარიმების ეშინია.

ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის განცხადებით, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა მოითხოვა, ქართული ოცნების სახელით მას დაუპირსიპირდა ვინმე ვალერი გუგუჩია, რომელიც მისი ინფორმაციით არის კრიმინალური ავტორიტეტი. გუგუჩიამ მას მოსთხოვა, რომ შეეწყვიტა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მიკროავტობუსით გადაყვანა, ამავე მოთხოვნით დაუპირისპირდა მეორე ტურის დანიშვნის შემდგომაც.“- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბორის აკუნინი (ჩხარტიშვილი): პუტინი უფრო უჭკუო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: ცენტრი უკანონო მიგრაციის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას შეუწყობს ხელს