„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ჟურნალისტებისთვის მთავრობის სხდომების გახსნას ითხოვს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ჟურნალისტებისთვის მთავრობის სხდომების გახსნას ითხოვს. ორგანიზაციის განცხადებით სხდომა მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში უნდა დახუროს. მათივე თქმით, მთავრობის სხდომების დახურვა ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მანკიერი პრაქტიკაა და ზღუდავს მედიის საქმიანობას მოიპოვოს ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლება.

” საქართველოს ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ შეიქმნა მანკიერი პრაქტიკა, რომლის საფუძველზე მედიას აღარ აქვს მთავრობის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა. აღნიშნული მნიშვნელოვნად ზღუდავს ჟურნალისტების საქმიანობას ინფორმაციის მოპოვებისა და ხელისუფლების კონტროლის მიზნით და წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს ხელისუფლების საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

მიმდინარე წლის 31 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ პირველივე სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურა. მხოლოდ ოპერატორებს მიეცათ შესაძლებლობა სხდომის დასაწყისში 10 წუთიკადრების გადასაღებად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბოლო რამდენიმე წელია არც ერთ თავმჯდომარეს არ შეუზღუდავსჟურნალისტების უფლება დასწრებოდნენ მთავრობის სხდომებს. რიჟვაძის განმარტებით, სხდომის პირველი ნაწილი ღია იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი ხანი გრძელდება პირველი ნაწილი და ოპერატორების გარდა, ჟურნალისტებს თუ მიეცემათ სხდომაზე დასწრების უფლება.

აღნიშნული მანკიერი პრაქტიკა უკვე დანერგილი აქვს საქართველოს მთავრობას, რომლის სხდომებიც დახურულია. 2016 წლის დასაწყისში მთავრობამ ღიაობა კიდევ უფრო შეზღუდა და მე-12 სართულზე, სადაც მთავრობის სხდომები ტარდება, ჟურნალისტები აღარ დაუშვა. მედიის წარმომადგენლები მთავრობის წევრებს მე-3 სართულზე, მედიაცენტრში უნდა დალოდებოდნენ. ოპერატორებს სხდომის გადაღება სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთით შეეძლოთ, რომელიც ძირითადად პრემიერის გამოსვლის ჩაწერასა და კადრების გადაღებას მოიცავდა.

აღნიშნულმა პრაქტიკამ ჟურნალისტების მთავრობის წევრებთან კომუნიკაცია კიდევ უფრო გაართულა. 2016 წელს პრემიერ მინისტრს ღია წერილით მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერმა 274 ჟურნალისტმა და რამდენიმე მედია საშუალებამ, სადაც გამოითქვა უკმაყოფილება მედიის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ახალი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მოსვლის შემდეგ, წესი მცირედით შეიცვალა – სხდომები ისევ დახურულია, მაგრამ ჟურნალისტები მე-12 სართულზე აჰყავთ, პრემიერი მთავრობის სხდომაზე შესვლამდე განცხადებას აკეთებს, შემდეგ კი მთავრობის წევრებს კვლავ მე-3 სართულზე ელოდებიან. მთავრობის სხდომაზე ოპერატორებიც ვეღარ შედიან და კადრებს ჟურნალისტებს პრესსამსახური აწვდის.

ხელისუფლების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მთავრობამ მედიისათვის ღია გახადოს სხდომები და მხოლოდ გამონაკლისს შემთხვევებში დახუროს ის. მთავრობის სხდომების დახურულობის პრეცენდენტმა შეიძლება ცუდი პრაქტიკა შექმნას და გაუმჭვირვალობისკენ წაახალისოს ადგილობრივი თვითმართველობებიც, რაც, გარკვეულ წილად, ხდება კიდეც.” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – გიორგი ჭანტურიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
შემდეგი სტატიაქურდობისა და ძალადობის ბრალდებით თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს