„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მთავრობას მიმართავს, წინასაარჩევნოდ პროექტების რეკლამირებისგან თავი შეიკავოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებების რეკლამები წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა, მმართველი პარტიის რეკლამად აღიქმებოდეს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, ტელევიზიებით და სოციალურ ქსელებში ხშირად არის ვიდეო რგოლები და სხვა სახის ვიზუალური მასალა, რომელშიც მოთხრობილია მთავრობის, ან სხვა საჯარო უწყებების მიღწევების თუ სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„ასეთი ტიპის ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მხრიდან შესაძლოა, აღქმული იქნეს, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის საარჩევნო რეკლამა, ეს კი, თავის მხრიც, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს ატარებს. დამატებით პრობლემაა თუ ასეთი ვიდეორგოლები სოციალური რეკლამის სტატუსით არის განთავსებული მაუწყებლებში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემა წინა წლებშიც იდგა, მაშინ ტელევიზიებში მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ყველა ვიდეორგოლის განთავსება სოციალური რეკლამის სტატუსით ხდებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით 2013 წლის გაზაფხულზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინასაარჩევნო პერიოდში შეეჩერებინათ სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავდა და შეიძლებოდა საარჩევნო რეკლამად აღქმულიყო. ამ მომენტისთვის, მართალია სოციალურ რეკლამის სტატუსით განთავსება არ ხდება, თუმცა მთავრობის უწყებების მიერ განთავსებული, ბიუჯეტიდან დაფინანსებული რგოლების წინასაარჩევნო რეკლამად აღქმის პრობლემა ისევ არსებობს”, – აღნიშნულია მიმართვაში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახის ადმინისტრაციული რესურსი არ იქნეს გამოყენებული საარჩევნო მიზნებით, მიუხედავად იმისა, ასეთი ქმედება პირდაპირ ეწინააღმდეგება თუ არა კანონს.

„საქართველოს „საარჩევნო კოდექსი” საკმარისად ვერ არეგულირებს ამ საკითხს და კრძალავს მხოლოდ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ისეთი ვიდეორგოლების ან სხვა მასალის გავრცელებას, რომელშიც ფიგურირებს საარჩევნო სუბიექტი და მისი რიგითი ნომერი. ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითებში პირდაპირ არ არის მოცემული რომელიმე პარტიის სიმბოლიკა, თუმცა ისეთი შინაარსს ატარებს, რომ ამომრჩევლის თვალში დიდად არ განსხვავდება მმართველი პარტიის სტანდარტული საარჩევნო რეკლამისგან. ასეთი ქმედება თავისი არსით წარმოადგენს ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, რადგან შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რაც არღვევს ეუთოს კოპენჰაგენის კონფერენციის დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებებს”, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიმართვაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თავი შეიკავოს მის მიერ დაგეგმილი თუ განხორციელებული პროექტების რეკლამირებისგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მართლაც სოციალური რეკლამასთან გვაქვს საქმე და არა ამ სტატუსის ბოროტად გამოყენებასთან. ასევე მოუწოდებს კომუნიკაციის მარეგულიერებლ ეროვნულ კომისიას, შეისწავლოს მაუწყებლების მიერ სოციალური რეკლამის განთავსების კანონთან შესაბამისობა; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, განაახლოს 2013 წლის რეკომენდაცია, რომელიც მთავრობას მოუწოდებდა თავი შეეკავებინდა მედიაში ისეთ სოციალური რეკლამების განთავსებისგან, რომელიც მთავრობის მიერ განხორციელებულ ან განსახორციელებელ პროექტებს ასახავს და საარჩევნო რეკლამად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: წარმოდგენა არ მაქვს, რა ვადებში დატოვებენ “რესპუბლიკელი” მინისტრები თანამდებობებს
შემდეგი სტატიამეტროსადგურ მარჯანიშვილზე მატარებლის ლიანდაგებში ქალი ჩავარდა