„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და ხელახლა დათვლას სასამართლოს გზით ვითხოვთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 42 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებას და სასამართლოს გზით მის ხელახლა დათვლას ითხოვს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ “ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე საუბნო და საოლქო კომისიებში ჯამში 108 საჩივარი შეიტანა. აქედან: 46 – არჩევნების დღეს დაფიქსირებულ პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, საიდანაც 41 არ დაკმაყოფილდა; დაგვეთანხმნენ მხოლოდ 5-ზე: ერთ შემთხვევაში პროცედურული ხარვეზების გამო გადასატანი ყუთის შედეგები გაბათილდა, 4 შემთხვევაში კომისიის წევრებს სხვადასხვა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრათ. 62 – შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსებს ეხებოდა. შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დისბალანსების გამო ჩვენმა ორგანიზაციამ 62-ვე უბანზე ოქმების ბათილობა და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვა. აქედან: 40 საჩივარი არ დაკმაყოფილდა; 19 განუხილველი დარჩა; 3 უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიამ ბიულეტენები გადაითვალა.

საბურთალოს 03.03.52 უბანზე გადათვლის შედეგად აღმოჩნდა: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მიღებული ხმების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.

დიდუბის 06.07.25 უბანზე აღმოჩნდა, რომ საარჩევნო ურნაში 19-ით ნაკლები ბიულტენი იყო, ისინი დაკარგულად ჩაითვალა და საოლქო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი დააკორექტირა. ბათუმის 29.79.19 უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმში ამომჩეველთა რაოდენობა 1334-ით აჭარბებდა სარეგისტრაციო ჟურნალებში ამომჩევლების ხელმოწერების რაოდენობას. საოლქო კომისიამ გადათვლის შედეგად ახალი ოქმი შეადგინა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 42 უბანს, სადაც განსაკუთრებულად პრობლემური შემთხვევები იყო, სასამართლოში ასაჩივრებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძის შტაბმა საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმები თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ქვეყანა არ მიდის ლოკდაუნზე, რათა მოსახლეობამ დისკომფორტი არ იგრძნოს და არც საარჩევნო პროცესს მიადგეს ჩრდილი