საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო მზად არის საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის დამატებითი სტრატეგიული მარაგები გამოათავისუფლოს,- აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი, ფატიჰ ბიროლი.
ბიროლის განმარტებით, სააგენტოს წევრი ქვეყნები ფლობენ საკმარის რეზერვებს იმისათვის, რომ მოკლევადიან პერიოდში მიწოდების ნებისმიერი სერიოზული შეფერხება დაბალანსებული იქნეს და თავიდან აიცილონ ფასების უკონტროლო ზრდა.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ IEA ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას ახლო აღმოსავლეთში და მუდმივ კონტაქტზეა ძირითად მომხმარებელ და მწარმოებელ ქვეყნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე მიწოდების ფიზიკური დეფიციტი ჯერ არ ფიქსირდება, ბაზარზე არსებული ფსიქოლოგიური წნეხი და სადაზღვევო ხარჯების მატება ნავთობის ფასს მაინც მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს.
ექსპერტების აზრით, IEA-ს მხრიდან მსგავსი მზაობის დემონსტრირება მიზნად ისახავს სპეკულაციური ტენდენციების შეკავებას. სააგენტოს წევრებს ჯამში დაახლოებით 1.5 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგი აქვთ, რაც ნებისმიერი მასშტაბური კრიზისის დროს მნიშვნელოვან უსაფრთხოების ბალიშს წარმოადგენს. ამ დროისთვის სააგენტო უკვე შეთანხმდა ბაზრისთვის 400 მილიონი ბარელის ნავთობის მიწოდებაზე, რაც ერთი კვირის გლობალური მოხმარების ტოლფასია.















