საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანების სექტორისთვის მომსახურების საფასური იზრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ახალი ბრძანებით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები დაკორექტირდა.
ცვლილების მთავარი აქცენტი საერთაშორისო არარეგულარული ერთჯერადი და მრავალჯერადი სამგზავრო გადაყვანის ნებართვების გაფორმებაა.
ბრძანების ახალი რედაქციით, ტარიფები თითოეულ ქვეყანაზე შემდეგნაირად გადანაწილდა:
დაჩქარებული მომსახურება (1 სამუშაო დღე): საფასური 100 ლარამდე გაიზარდა. (აქამდე მოქმედი ტარიფი 80 ლარს შეადგენდა).
სტანდარტული მომსახურება (1 სამუშაო დღეზე მეტი): საფასური 70 ლარით განისაზღვრა. (აქამდე მოქმედი ტარიფი 50 ლარი იყო).
შესაბამისად, სტანდარტული მომსახურების ფასი 40%-ით, ხოლო დაჩქარებული გაფორმების ღირებულება 25%-ით გაიზარდა.
ცვლილება ძალაში „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე შევიდა. აღნიშნული რეგულაცია ეხება ყველა იმ გადამყვანს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში მუშაობს და ქვეყნებს შორის მგზავრების არარეგულარულ ტრანსპორტირებას ახორციელებს.















