საეკლესიო ქონების დავა საპატრიარქოსა და სასულერო პირებს შორის პიკს აღწევს

„არ მინდა დავიჯერო რომ, ქრისტეს სიყვარულისა და ქართული ეკლესიის სახელით უსამართლობა შეიძლება მოხდეს და ვინმემ ბოროტად ისარგებლოს იერარქიული უპირატესობითა და ძალაუფლებით,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეკანოზი ზინობი ჟვანია წერს. როგორც სასულიერო პირი ამბობს, ამბავი, რაზეც საუბრობს, შოკისმომგვრელია.

„ვინც მიცნობს ან ჩემს პოსტებს კითხულობს, ყველამ იცის რა ძვირფასია ჩემთვის ღირსი მამა ალექსი, მის მიერ დაარსებული კერა. როგორ ძვირფას მოგონებებს და სათუთ ქრისტიანულ გრძნობებს უკავშირდება იგი.

შუშანიების სავანე, არის წმიდა ბერის, ალექსი შუშანიას მიერ, მე-19 საუკუნის მიწურულს უდაბურ, უგზო და უწყლო პატარა გორაკზე აშენებული მთავარანგელოზების კუნძული, სადაც, ყოველთვის იყო სნეულთა კურნება, უპოვართა და მშიერთა დაპურება, ქრისტესმიერი სიყვარული და რუდუნება.

როგორი უზარმაზარი ჯაფა, შრომა და ღვაწლია ჩადებული ამ სავანეში იცის ბევრმა ქართველმა ადამიანმა, ვისაც ერთხელ მაინც დაუდგამს ფეხი ამ მადლიან გორაკზე.
სავანე, რომელიც ჩემმა დიდმა წინაპარმა დაარსა, როგორც თავშესაფარი დაყუდებულების ჟამს, მარად მლოცველმა და ღვაწლით სავსემ ცხოვრების ბოლოს, ანდერძით დაუტოვა საკუთარ ბიძაშვილებს, ასევე, ცნობილ და ქრისტიანული ღვაწლით მოსილ მონაზვნებს იღუმენია ფასტოსა და სქემმონაზონ აკეფსიმას, რომლებიც ბავშვობიდან შრომობდნენ და გვერდით ედგნენ მას და რომლებმაც, თავის მხრივ მოაწესრიგეს და გაამშვენეს პატარა ეკლესია და სავანე, უფლისადმი დაუღალავი სამსახურით, ფიზიკური შრომით, ოფლით ნაშოვნი შემოსავლით.
აქვე ვიტყვი, არაერთხელ დამიწერია იღუმენია ფასტოზე, რომ მის ავტორიტეტსა და სიტყვას თვით პატრიარქიც ვერ გადადიოდა. მისი ძლიერი ენერგეტიკისა და დიდი ბრძოლისუნარიანობის დამსახურებაა, რომ შუშანიების სავანეს ბევრჯერ დაუსხლტა ხელიდან მითვისების მესვეურ, ანგარებიან და ქრისტეს სახელს ამოფარებულ ვაი-ადამიანებს.

უფროსმა მონაზვნებმა გარდაცვალებამდე, ტრადიციულად მონასტერი მათ მიერვე აღზრდილ ძმისშვილებს, სამონაზვნე ზოიასა (დღესდღეობით მონაზონი ) და ნინას დაუტოვეს. ისინიც, მამიდების მსგავსად ბავშვობიდან ( 2 წლიდან) გაიზარდნენ ქრისტესა და ეკლესიის სამსახურში, ხან მნათეები იყვნენ, ხან მესანთლეები, ხან მორჩილები, ხანაც მედავითნეები და მოწყალების დები. საკუთარი მხრებით აქვთ ნატარები იმ აღმართის თითოეული ქვა, რომელსაც სავანეში შევყავართ. შემოარტყეს გალავნები, გააკეთეს მუზეუმი, ალექსი ბერის ახალი პატარა ეკლესია, ყველაფერი რაც თვალს ახარებს. შრომა, შრომა და შრომა იყო მათი ხვედრი. შრომა და ჭიდილი ისევ იმათთან, ვინც, შეხედავდა პატარა კოპწია სავანეს და სათავისოდ მოუნდებოდა ან ამ მადლიანი ადგილის მცირე შემონაწირებს დახარბდებოდა.

აქვე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ჩვენი პატრიარქის, უწმიდესი და უნეტარესი ილია II უდიდესი მოწიწება და უანგარო სიყვარული შუშანიების მიმართ, რომელსაც ყოველთვის დაუფარავად გამოხატავდა სიტყვით და საქმით.

მაგრამ, დღეს რისი მოწმე ვართ?!

განჩინება, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის რიგმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, მიითვისონ სხვისი კერძო საკუთრება, სხვისი შრომა და ოფლი, ჯაფა და ღვაწლი, ისტორია და დამსახურება ერისა და ქრისტეს წინაშე.
რა გრძნობაა როცა ერთ დღეში გართმევენ იმას რაც შენი ცხოვრების აზრია, შენი ცხოვრებაა, რაც დაგიტოვეს წინაპრებმა და შენ უნდა დაუტოვო შთამომავლობას, რითაც სუნთქავ შენ და მთელი შენი საგვარეულო, შენი უზარმაზარი მრევლი და ყველა ვინც ერთხელ მაინც ზიარებულა ამ დიდ მადლს. და ეს ყველაფერი ხდება კონსტიტუციის სახელით, თითქოს, ეს „სახელმწიფო ცნობს ეკლესიის საკუთრებად საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა მონასტერს და ეკლესიას.“

თითქოს, ალექსი შუშანიას აშენებული მთავარანგელოზის ეკლესია არ აღირიცხებოდა ქართულ მართლმადიდებლურ სალოცავად, არ ტარდებოდა წირვა-ლოცვა, თითქოს, ამ სავანეში ორმოცდაორი წელია არ ეწეოდა ღვთისმსახურებას ღირსეული არქიმანდრიტი მელქისედეკი (მიქავა).

დიახ, ეს ბედი გაუმზადეს შუშანიების სავანეს, ერთ დღეს, გადაწყვიტა მავანმა, რომ შუშანიებს არ ეკუთვნით არაფერი იმ ტერიტორიაზე, გარდა ძველი სახლისა. არც ამ სახლამდე მისასვლელი გზა, არც სასაფლაო, არც ალექსის საფლავი, არც ძველი ტაძარი, პატარა ახალი ეკლესია და სიმწრით აგებული მუზეუმი.
ესაა სამართალი?.. ამას ვუქადაგებთ ხალხს?

ესაა სხვისი ისტორიის მითვისება და დიდი ბოროტება.

უსამართლობა ნამდვილად არ მიკვირს. ყველამ იცის რაც ვიწვნიე საკუთარ თავზე, მოშურნე მღვდელმთავრისგან, (თვითონაც რომ არ იცოდა რა უნდოდა) მაგრამ, გავჩუმდი, პატრიარქის სიყვარულით და პატივისცემით, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს ადამიანად და სასულიერო პირად ჩამოყალიბებაში. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ვერ გავჩუმდები. რადგან ძალიან მეპარება ეჭვი პატრიარქი ამ ამბის საქმის კურსში იყოს, ან სწორად ჰქონდეს მიწოდებული ინფორმაცია.

ჩვენ ხომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ვინმეს აღარასოდეს შეიძლებოდა ადამიანისთვის ქონების წართმევა და სახლიდან გამოდევნა.

გამოფხიზლდით, გამოფხიზლდით, ამას დიდი ამბავი მოჰყვება.

წაიკითხეთ ღირსი მამისა და მონაზვნების ანდერძები და ნახავთ, დიდ მადლთან ერთად რა საშიშ სიტყვებს მოიცავენ ისინი.

ქრისტე ხომ შრომით შეძენილს არავის არაფერს ართმევდა. ქრისტე სიყვარულია.
შეუძლებელია ვინმესთვის საკუთარი სულის წართმევაში უფლის ხელი ერიოს“ – წერს სასულიერო პირი სოცქსელში.

 

 

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – გვახსოვს, კანონის უგულვებელყოფამ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა ქვეყანა, ეს რომ არ განმეორდეს, საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა თავის საქმე კონსტიტუციისა და კანონის დაცვით გააკეთოს
შემდეგი სტატიაკალაძე – მთელი სანაცეთი საუბრობდა, რომ ვარკეთილში მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო