საძაგლიშვილი – ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის

ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ამიტომ, ყველაფერს აკეთებს საკუთარ სასამართლო პროცესებზე მონაწილეობა არ მიაღებინოს ადამიანს, რაც წარმოუდგენელია,- ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა გამოვეხმაურო პენიტენციური სამსახურის მიერ დასახელებულ მიზეზს, რომ არსებობს საფრთხე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ექსცესებს ჰქონდეს ადგილი, საუბარია 500-600 მანქანით ექსკორტირების შეფერხებაზე. მაინტერესებს, რამდენი ხანი უნდა გამოიყენოს პენიტენციურმა სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეს სრული ბოდვა და ყოველდღე ერთი და იგივე ტექსტი უნდა იმეორონ თუ არა? მანქანების რაოდენობა მაინც შეცვალონ და 500-600-ის ნაცვლად 400- 500 თქვან პერიოდულად, რომ ცოტა სიახლის განცდა მაინც დაგვიტოვონ. მოგეხსენებათ, ამ „საქმეზე“ უკვე ერთ თვეზე მეტია გამოძიება დაწყებულია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია, არცერთი რეალური ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სუს-ის მხრიდან გადადგმული და ვერც ვნახავთ, იმიტომ, რომ ეს გამოძიებაც ხომ ზუსტად იმიტომ დაიწყეს, რომ ეს იყო საარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი და მერე ახლა, კარგად გამოიყენეს „გასაპრავებლად“ სააკაშვილის სასამართლო პროცესებზე არმიყვანის მიზნით“, – აცხადებს საძაგლიშვილი.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა.

„პენიტენციურს ამას არავინ ეკითხება. პენიტენციური სამსახური, როდესაც იღებს დავალებას, მოახდინოს პირის მიყვანა სასამართლოში, მან ეს უნდა შეასრულოს. შესაბამისად, სჯობს, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ისაუბრონ და არ გასცდნენ საკუთარ კომპეტენციას. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას, ჩვენ სასამართლოზე ოფიციალურად წარდგენილ დოკუმენტაციას ვნახავთ, მოვისმენთ სასამართლოს პოზიციას და შემდეგ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას“, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძე – პროტესტი მთელ ქვეყანას მოედება და რაც უფრო მასშტაბური იქნება, მით მალე მოეგება ხელისუფლება გონს
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – პატიმარს აქვს უფლება, დაესწროს მისი საქმის განხილვას