საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების საკითხი შესწავლას საჭიროებს, რის შემდეგაც საზოგადოებას შეფასებას წარუდგენს.
“მის უფლებადამცველებთან მქონდა კომუნიკაცია. რაც შეეხება შეფასებას, შეფასება აუცილებლად გვექნება ამაზე, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას. სამართლებრივ შესწავლას ვგულისხმობ და შესაბამისად, ამის შესახებ რა თქმა უნდა, პოზიცია გვექნება. იმ პროცესში, როდესაც ბატონი სადიგოვი იმყოფებოდა საქართველოში, დაწყებული მისი დაკავებიდან ბოლომდე, ყოველდღიურად ვიყავით ჩართული, ვახდენდით მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მის უფლებადამცველებთან მქონდა განუწყვეტლივ პროცესში კომუნიკაცია, ვიცოდით ზუსტად რა პროცესი მიმდინარეობდა, ამაზე მეტის თქმა ახლა არ შემიძლია. ალბათ ამაზე მეტის თქმას შევძლებ, როდესაც უკვე სამართლებრივად შევისწავლით კონკრეტულად იმ საკითხს, რამდენად სწორედ მოხდა მისი საქართველოდან გაძევება,” – განუცხადა იოსელიანმა “ნეტგაზეთს”.
კითხვას, რა სახით უნდა ელოდოს საზოგადოება მისგან პოზიციის დაფიქსირებას, იოსელიანი პასუხობს:
“როდესაც დასრულდება შესწავლა… პოზიცია განცხადების სახით იქნება, თუ ანგარიშში აისახება, თუ ზოგადად მედიასთან ვიტყვი, ეს კომუნიკაციის საკითხია…” – ამბობს იოსელიანი.















