სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება

სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე, კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ახალი წლის ღამეს – 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე, მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით – „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი – კუს ტბა“ 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, ქალაქი საახალწლოდ სრულ მზადყოფნაშია. კერძოდ, დედაქალაქის მასშტაბით, წელს დამატებით კიდევ საახალწლო ილუმინაციებით რამდენიმე ქუჩა მოირთო. ასევე, გახსნილია „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში და „ახალი ტფილისი“, რომელიც წელს მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა დატვირთული.

„2017 წლის გალა კონცერტი კი, წელს ვარდების მოედანზე გაიმართება, სადაც თქვენ დაუვიწყარი სანახაობა გელით. ვისარგებლებ შემთხვევით და წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელსა და შობას. მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს 2017 წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშისკოლა-გიმნაზია “შავნაბადადან” მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ 2016 წელი შეაჯამა