“პოლიცია ღამის 2 საათზე დაადგა ვეფხია მესხიას ოჯახს, ქუთაისში. სახლში ცოლი და მცირეწლოვანი შვილები დახვდნენ. ვეფხია მთაში იყო. ჩხრეკა უნდა ჩავატაროთო. სატელეფონო კომუნიკაციის დროს გამომძიებელმა ჩვენს ადვოკატს უთხრა, რომ ვეფხია მესხიას წინააღმდეგ ანონიმურმა პირმა პოლიციაში იჩივლა, თითქოს მესხია მას ემუქრება და იარაღების მდგომარეობა უნდა შეამოწმონ. განა მოპოვება გაუჭირდებოდათ, მაგრამ არც მოსამართლის განჩინება ჰქონდათ, გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვსო. სისხამ დილით ისევ მიდგნენ სახლში, გაჩხრიკეს და მხოლოდ რეგისტრირებული იარაღი ამოიღეს.
ყველგან, სადაც პროტესტია, წინააღმდეგობის ჩახშობას ცდილობენ. ვეფხია სათავეში უდგას საირმელების პროტესტს, რომლის მთავარი მოთხოვნაც არის – გაუქმდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც საირმის ტყე – 13 202 ჰექტარი, ნახევარსაუკუნიანი იჯარით „თეგეტა მოტორსის“ მეპატრონეს, პარლამენტის ყოფილ წევრს თემურ კოხოძეს გადაეცა, იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით. საპროტესტო აქციები ყოველ შაბათ-კვირას იმართება კურორტ საირმეში, კოხოძის სასტუმროს წინ. ამ საქმეზე სასამართლოში დავაც მიმდინარეობს. ეს დავა ცალკე მოსაყოლი ამბავია, თავისი უსამართლობითა და პარადოქსებით.
საირმის ტყეში სხვამ არავინ რომ გაიჭაჭანოს, ძირძველი მოსახლეობის მიმართ, ვინც საირმის მიმდებარე სოფლებში ას წელზე მეტია ცხოვრობს, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, უდანაშაულო ადამიანები პასუხისგებაში მისცეს, მამაპაპისეული და კერძო საკუთრება დაუყადაღეს, მუქარით ზოგს დაათმობინეს კიდეც. დიდი ნაწილი დღემდე დავობს. ამ ბრძოლას შეეწირა ზურაბ თოლორდავა. მისი ჯანმრთელობა სწორედ ამ დავის დაწყების შემდეგ გაუარესდა – კაცს, რომელიც მთელი ცხოვრება თავის ქალაქს ემსახურა, ცხოვრების ბოლოს თაღლითად გამოაცხადეს.
კოხოძე მხოლოდ საირმის ტყეს არ დასჯერდა. საირმის თავზე, ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტებში 1000 ლარად თითქმის მთელი მთაც წაიღო, ეს მიწაც ნახევარი საუკუნით. ამ თემებზე ჩვენს ახალ საგამოძიებო ფილმს ნახავთ ბმულზე, რომელსაც კომენტარში დავდებ.
“დრაკონული კანონების” გამო კრიტიკული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები კი ვართ რთულ მდგომარეობაში, მაგრამ რეჟიმს არ უნდა მივცეთ ადამიანების ჩაგვრის საშუალება დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ! ქუთაისში/ბაღდათში გვჭირდება სისხლის სამართლის ადვოკატი, რომელიც ვეფხია მესხიას გამოკითხვას დაესწრება და მის უფლებებს დაიცავს”, – წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.















