14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“სად არის კობახიძის პასუხისმგებლობა, როცა პოლიცია ჯგუფურად ძალადობს?” — სამუშია

პარტია “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი ლევან სამუშია გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებულ ჯგუფურ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ეხმაურება. სამუშია მომხდარს უმძიმეს, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს და პასუხისმგებლობას პირდაპირ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს აკისრებს.

პოლიტიკოსის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ დანაშაული სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩაიდინეს და ადგილზე მყოფი არცერთი კოლეგა მათ არ შეეწინააღმდეგა, რაც სისტემურ ხელშეუხებლობაზე მიუთითებს.

„უმძიმესი საყურებელი და აღსაქმელია, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიციელები ჩადიან დანაშაულს ჯგუფურად და ერთი პოლიციელიც კი არ გამოერია მათ შორის, დანაშაული რომ აღეკვეთა. ეს გვაფიქრებინებს, რომ მათ აქვთ ხელშეუხებლობის გარანტიები, თუ მსგავსი ფაქტები სააშკარაოზე არ გამომზეურდება“, — აცხადებს სამუშია.

ლევან სამუშია აღნიშნავს, რომ პროკურატურის მხრიდან მხოლოდ გამოძიების დაწყება ფორმალობაა, რადგან აქციების დარბევის დროს ჩადენილ არაერთ დანაშაულზე რეალური შედეგები დღემდე არ დამდგარა. იგი სახალხო დამცველს საქმის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებს და პოლიტიკურ გუნდს პასუხისმგებლობისკენ მოუხმობს:

„სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა?! უკვე ღიად, დღისით, მზისით ხდება ძალადობა, სად არის კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი?! გამოვიდეს და თქვას, თუ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როდესაც ათეულობით სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებულია გამოძიება აქციების დარბევიდან მოყოლებული და შედეგები თითქმის არცერთ საქმეზე არ დამდგარა. მხოლოდ გამოძიების დაწყება არ კმარა“, — დასძენს ლევან სამუშია.

banner
წინა სტატიაში“სისხლით გაქვს მორწყული რუსთაველი და აქციას აწყობ — ეს თავხედობაა” — კობახიძე
შემდეგი სტატია“ჩავაგდეთ კაფსულა და…”— კობახიძე სამეგრელოში დევნილებს ბინებს კიდევ ერთ წელში პირდება