საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება ხვალიდან დაიწყება, ობიექტები, რომლებიც ინსპექტირებას გაივლიან, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

ამასთან, დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.

„საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი – უახლოეს პერიოდში შიდა ფრენები აღდგება