საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სიძულვილის ენის რეგულირების ჩარჩოში მოქცევა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია და რიგ შემთხვევებში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კიდეც.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმურ ჩარჩოებში უნდა მოექცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ საკითხზე მსჯელობა იქნება საარჩევნო ჯგუფის ფორმატშიც, თუმცა საკითხის მნიშვნელობა საარჩევნო განზომილებას სცდება.

“ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი და განიხილება წამყვან კომიტეტში. თვეების განმავლობაში გაჩერებული იყო, მიზეზებს მოვიძიებთ. ჩვენ მივიღებთ ზომებს, რომ დაჩქარდეს ამ კანონპროექტის განხილვა და გვექნება კონსულტაციები ყველა მხარესთან. კახა ბექაურის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და დროულად არის გადაწყვეტილებები მისაღები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მას წინასწარ არ აქვს პასუხის სამოქალაქო სექტორის პოზიციაზე, რომ ნაცვლად სიტყვის თავისუფლებისთვის საფრთხისშემცველი რეგულაციების შემოღებისა, გაძლიერდეს თვითრეგულირების საბჭოები და აცხადებს, რომ მმართველი გუნდი გადაწყევტლებას კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

“სიძულვილის ენაც, სამწუხაროდ, არის გამოხატვის თავისუფლების შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამოცანა ის არის, რომ ჩვენ მოვძებნოთ საუკეთესო ბალანსი ადამიანის სურვილს შორის, რომ სიძულვილით ილაპარაკოს და გამოხატვის თავისუფლებას შორის. სიძულვილის ენა არის პრობლემა ჩვენს მედიაში და ზოგადად საზოგადოებაში. როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ კულტურაზე, ვიდრე ამ მასშტაბით იქნება წარმოდგენილი მედიაში სიძულვილის ენა, წარმოუდგენელია საუბარი პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ეს არის საკითხი, რომელიც საჭიროებს შესწავლას, კონსულტაციებს. როდესაც გამოხატვის თავისუფლებას ეხები, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ სიძულილის ენა არის ის, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება, შეიზღუდოს კიდეც გამოხატვის თავისუფლება. მთავარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მოქცეული იყო ლეგიტიმურ ჩარჩოებში”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მომლოცველებს აღარ უშვებენ
შემდეგი სტატიასიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა – თინათინ ბოკუჩავა მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს