საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ, ოჯახის ექიმებს კი ავტომობილებით უზრუნველვყოფთ

ეპიდემიაზე საუბარი არ არის, როგორც წინა წლებში, წელსაც გაიზარდა ავადობისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების რაოდენობა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ H1N1 – ე.წ ღორის გრიპის გავრცელების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, გრიპის სიმპტომების შემთხვევაში, ექიმს მიმართონ.

„ჩვენ გვაქვს გაწერილი ბოლო 3 წლის პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ. საჭიროების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და ოჯახის ექიმებს ავტომობილებით უზრუნველვყოფთ. თუმცა მოსახლეობას მინდა, მივმართო, რომ თუკი სიმპტომები სწრაფად იწყება, არის მაღალი ტემპერატურა, აუცილებელია, რომ არა თვითმკურნალობას, არამედ ექიმს მიმართონ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

აჭარაში გრიპის ვირუსით დღეს 53 წლის ქალი გარდაიცვალა. ამასთან, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის აჭარაში გრიპის H1N1 ვირუსის სამი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაში“ევროპული საქართველო” განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატია,,ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ილუზიები არ გვაქვს”