საჭიროა “ქართული ოცნების”, როგორც რუსული პროექტის უარყოფა და არჩევნების აღიარება – მივმართავ „ნაცმოძრაობას”, როგორც კი ამას გააკეთებთ, დასრულდება ე.წ. პოლარიზაცია – პაპუაშვილი

საჭიროა „ქართული ოცნების”, როგორც რუსული პროექტის კონცეფციის უარყოფა, ამ დახურული წრიდან გამოსვლა, არჩევნების აღიარება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მივმართავ, თითოეულ თქვენგანს გარწმუნებთ, როგორც კი, ამ ორ ძირითად კონცეფციას უარყოფთ, იმ მომენტში დასრულდება ის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არც კი არის პოლარიზაცია, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე საუბრობდა.

შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზში რიტორიკულად დასვა კითხვა იმის შესახებ, რომ „პუტინის პროექტის“, „ქართული ოცნების“ მიერ მოწონებულ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობა“ დაუჭერდა თუ არა მხარს.

„იცით, რომ იუსტიციის საბჭოს და წევრების უმრავლესობის არჩევას სჭირდება კვალიფიციური უმრავლესობა. არის კიდევ ერთი პოლიტიკური მოცემულობა, რომელიც სამწუხაროდ, პარლამენტში გვაქვს, რომ სწორედ იმ ჩიხური სიტუაციის გამო, რაც აღვწერე, როგორ გგონიათ, როგორ დაუჭერს მხარს “ნაციონალური მოძრაობა” „პუტინის პროექტის“, თუ „რუსული პროექტის“, “ქართული ოცნების” მიერ მოწონებულ კანდიდატს? “ნაციონალური მოძრაობა” აპრიორი ხომ თავს იკეტავთ ყველანაირი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობით? საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის არჩევის დროსაც კი, იცით, რომ იყო შეთავაზება მხარი დაუჭირეთ ჩვენს კანდიდატს და ჩვენ თქვენს კანდიდატს დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მაუწყებლის ბორდის არჩევის დროსაც კი, შეუძლებელი გახდა შეთანხმების მიღწევა და როგორ არის წარმოსადგენი, იუსტიციის საბჭოს წევრებზე მოხდება შეთანხმება.

„ეს არის ის [ფაქტი,]რატომაც სამწუხაროდ, ჩიხში ვართ იგივე იყო ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევისას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ამ კონტექსტში საუბრისას ოპოზიციას მიმართა კითხვით, როდესაც ცესკო-ს წევრებსა და ახალ თავმჯდომარეს ირჩევდნენ, რატომ არ დაუჭირეს მხარი წარდგენილ კანდიდატებს და რა არ მოეწონათ უკვე მოქმედი ცესკოს თავმჯდომარისგან?! “პრობლემა არ არის, ჩავატაროთ პროცედურაც და კონკურსიც, მაგრამ რა?! გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ იქნება ურთიერთბრალდებები, ისტერია, წუხილი და ა.შ. შედეგი მაინც არ დადგება. ამიტომ გითხარით რაც არის ამისთვის საჭირო -“ქართული ოცნების”, როგორც რუსული პროექტის კონცეფციის უარყოფა, ამ დახურული წრიდან გამოსვლა, არჩევნების აღიარება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მივმართავ, თითოეულ თქვენგანს გარწმუნებთ, როგორც კი, ამ ორ ძირითად კონცეფციას უარყოფთ, მერწმუნეთ იმ მომენტში დასრულდება ის ე.წ. პოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არც კი არის პოლარიზაცია, ესეც არასწორი ტერმინია. სინამდვილეში არის, სახელმწიფო, პარლამენტი, როგორც ცენტრი და არის გარკვეული რადიკალური მოძრაობები ამა თუ იმ პარტიისა, რომელიც სწორედ ამ პოლუს ცენტრიდან მოცურებულ პოლუსს ქმნის”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სადაც ერთ-ერთი სკოლა განადგურდა – არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაუკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს – ბორელი