“საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები”- ლომჯარია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე

საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. სახალხო დამცველის თქმით, ის მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა მიეღო ინფორმაცია პროკურატურისგან, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე.

„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი და ტარდებოდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რადგან წარმოდგენილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიამ აღნიშნა, რომ პროკურატურამ გაზაფხულზე განაცხადა 2-თვეში საქმის დასრულების შესახებ, თუმცა, საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის.

„ვხედავთ, რომ გასულია 2 თვეზე გაცილებით მეტი, თუმცა, არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არ დასრულდა გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე. საჭიროა პროკურატურამ წარმოადგინოს პარლამენტის წინაშე შესაბამისი განმარტებები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაში“20-21 ივნისის მოვლენებმა, იმ პოზიტიურ მიღწევებს, რაზეც 2018 წლის ანგარიშში ვსაუბრობდით, ჩრდილი მიაყენა და გარკვეული კითხვები გააჩინა” – ლომჯარია
შემდეგი სტატიაზაალ უდუმაშვილი : არ გვაქვს რაიმე საფუძველი, ეჭვი შევიტანოთ „ენდიაის“ კვლევაში, თუმცა მაჩვენებლებით კმაყოფილი არ ვართ