“საჭიროა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ”

მთავრობას მივმართე და ყველა პრობლემა, რომელიც დავაყენე, მათი მხრიდან დღეისთვის გადაჭრილია, – ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა, ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, მომავალ კვირას პარლამენტში შევა კანონპროექტი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა შეღავათი, რომელიც დღემდე მოქმედებდა ტყიბულის და სხვა დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე, ძალაში დარჩება.

რაც შეეხება უშუალოდ ტყიბულში გუშინ განვითარებულ მოვლენებს, როგორც ჩაფიძემ აღნიშნა, ის ნამდვილად ვერ მიესალმება გუშინ მომხდარ ინციდენტს. დეპუტატი თვლის, რომ ამ შემთხვევაში გამოსავალი არის იმაში, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

“აქცია გრძელდება იმიტომ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაჭიანურდა. ვხედავ, რომ კომპანიის წარმომადგენლები აპირებენ გარკვეულ დათმობაზე წასვლას. ვხედავ, რომ ბევრ საკითხზე არის შეთანხმება. ახლა საჭიროა მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარისთვის მისაღები მემორანდუმი შეიმუშავონ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესის აღდგენა, რომ არ დაზარალდეს როგორც დასაქმებული, ასევე დამსაქმებელი”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ და აღნიშნა, რომ მოვლენების დრამატულად განვითარებას არ ელოდება.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებამ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება გაკეთებულიყო.

“ხელისუფლების წარმომადგენლები ,ადგილობრივი გუბერნიის დონეზე, სამინისტროების დონეზე ჩართული იყვნენ პროცესში გაფიცვის დაწყების დღიდანვე”, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაცია ტყიბულში განვითარებულ პროცესებს შეისწავლის
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: მთავრობის საქციელი არის დიდი უსამართლობა, რომელსაც ოქტომბრის არჩევნებზე დავასრულებთ