“საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან” – ზელენსკი უკრაინაში რუსეთის თავდასხმაზე

საჭიროა მკაფიო რეაქცია მსოფლიოსგან, უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატებისგან, რომლის სიგნალებსაც რუსეთი ყურადღებას აქცევს – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა წუხელ უკრაინის წინააღმდეგ, ჯამში, 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, მათ შორის „ორეშნიკის“ ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ასევე 22 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.

„რუსეთმა უნდა მიიღოს სიგნალები, რომ მისი ვალდებულებაა დიპლომატიაზე ფოკუსირება და ყოველ ჯერზე, როდესაც ის კვლავ მკვლელობებსა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე გაამახვილებს ყურადღებას, უნდა იგრძნოს შედეგები.

ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა კატარის საელჩოს შენობა დააზიანა – კატარი, სახელმწიფო, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა უზრუნველყოს რუსეთის ციხეებში მყოფი ომის ტყვეების და მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლება“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის დღევანდელი დარტყმა კიდევ ერთი შეხსენებაა უკრაინის პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია.

„დღევანდელი დარტყმა ასევე ძალიან ხმამაღალი შეხსენებაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა მუდმივი პრიორიტეტია. არც ერთი დღე არ უნდა დაიკარგოს მიწოდების, წარმოების ან შეთანხმებების მიღწევის პროცესში“, – წერს ზელენსკი.

კიევზე გასულ ღამეს მიტანილი იერიშის შემდეგ, რასაც მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა, რუსეთმა უკრაინაზე „ორეშნიკით“ შეტევა დაადასტურა.

ეს რუსეთის ექსპერიმენტული, გრუნტის მოძრავი სარაკეტო კომპლექსია ამავე სახელწოდების საშუალო მანძილზე მოქმედების ბალისტიკური რაკეტით. სახელი „ორეშნიკი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირველად წარმოთქვა 2024 წლის 21 ნოემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრზე ამ რაკეტით დარტყმის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეს იყო „პასუხი“ ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის“ გამო.

შეგახსენებთ, რომ რეზიდენციაზე თავდასხმა უარყოფილია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენება ევროპისა და აშშ-სთვის გაფრთხილებას წარმოადგენს” – კალასი
შემდეგი სტატიაოფიციალური კიევი რუსეთის მიერ „ორეშნიკის“ გამოყენებაზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს