საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიკა“ საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე ახალ სკვრს მოაწყობს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობები მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება – შესაბამის მემორანდუმს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და ა(ა)იპ „ეკოლოგიკის“ ხელმძღვანელმა დიანა ბერიამ დღეს მოაწერეს ხელი. ღონისძიებას საბურთალოს საზოგადოებრივი საბჭოების წევრები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ,,თაიმერს” მერიიდან აცნობეს.

პროექტში, რომელიც დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ უბანში 4 ათასამდე კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე არსებული მწვანე ზონის რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. უკვე მეორედ, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის “გარემოს დიზაინის” მოდულის სტუდენტები საკონკურსო პროექტებს წარადგენენ.

საბურთალოს რაიონის გამგეობა და ორგანიზაცია „ეკოლოგიკა“ უკვე რამდენიმე კვირაა აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავების აქციას ატარებენ, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც არის ჩართული. მემორანდუმის ხელმოწერამდე ამ აქციების ამსახველი ფოტომასალაც უჩვენეს.

„დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი გაფორმდა საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. ჩვენ მივესალმებით სამოქალაქო და კერძო სექტორის ასეთ აქტიურობას და ჩართულობას ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში, რაც დღევანდელი მემორანდუმით გამოიხატება იმაში, რომ წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი ადაპტირებული დასასვენებელი ზონა გვექნება. ინიციატივა ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოლოგიკას“ და ჩვენი თანამშრომლობის შედეგს რამდენიმე თვეში ყველა ერთად ვიხილავთ,“ – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ.

banner
წინა სტატიაში„ვფიქრობ, გორის მუნიციპლაიტეტი ძალიან მალე რეგიონული განვითარების ცენტრად გადაიქცევა საქართველოში“
შემდეგი სტატიავენეციის კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია მოისმინა