საბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი

საბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი

kreba_1a3d1საბოლოო ხელმოწერილი დოკუმენტი

1. მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, ღრმა საეკლესიო თვითშეგნებით ურყევად სწამს, რომ თანამედროვე მსოფლიოში მას უპყრია წამყვანი ადგილი ქრისტიანთა ერთიანობისკენ მიმართულ საქმეში.

2. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ ეკლესიის ერთიანობის საფუძველია: ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ მისი დამყარებულობა, წმინდა სამებაში თანაზიარებულობა და საიდუმლონი. ეს ერთიანობა გამოიხატება სამოციქულო ნაცვალმემკვიდრეობითა და მამათა გადმოცემით, და ვიდრე დღემდე ამაში მყოფობს იგი. მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მისია და ვალდებულება, რომ გადასცეს და იქადაგოს წმინდა წერილსა და სამღვდელო გადმოცემაში არსებული მთელი ჭეშმარიტება, რაც განუკუთვნებს კიდეც ეკლესიას მის საყოველთაო- ნიშანთვისებას.

3. მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობა ერთიანობის გამო, ისევე როგორც მისი მსოფლიო მისია განცხადებულია მსოფლიო კრებათა მიერ, რომლებმაც განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი იმ ურღვევ კავშირს, რაც არსებობს მართალ სარწმუნოებასა და საიდუმლოებებში მონაწილეობას შორის.

4. მართლმადიდებელი ეკლესია, მოუკლებლად მლოცველი “ყოველთა ერთობის გამო”, ყოველთვის ესწრაფვოდა დიალოგს იმათთან, რომლებიც ცოტად თუ ბევრად გამიჯნულნი არიან მისგან, იჩენდა რა, ამავე დროს, პირველობას განსაკუთრებით იმაში, რომ მოძიებულიყო გზები და საშუალებები ერთიანობის აღსადგენად ქრისტესადმი მორწმუნეთა შორის, რის გამოც მონაწილეობდა ეკუმენურ მოძრაობაში მისი დაწყებიდანვე და წვლილი შეჰქონდა მის ფორმირებასა და შემდგომ განვითარებაში. გარდა ამისა, მართლმადიდებელი ეკლესია, მისთვის ნიშანდობლივი მსოფლიო და კაცთმოყვარეობითი სულის წყალობით, რომელიც ღმრთივბრძანებულად ითხოვს “ყოველთა კაცთა ცხონებას და ჭეშმარიტების შემეცნებამდე მისვლას” (1. ტიმ. 2.4), მარადჟამს მოსაგრეობდა ქრისტიანული ერთობის აღდგენის გამო. ამიტომ, მართლმადიდებელთა თანამონაწილეობა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისკენ მიმართულ მოძრაობაში არათუ არანაირად არ არის უცხო მართლმადიდებელი ეკლესიის ბუნებისა და ისტორიისთვის, არამედ წარმოადგენს სამოციქულო სარწმუნოებისა და გადმოცემის კანონზომიერ გამოხატულებას ახალ ისტორიულ პირობებში.

5. თანამედროვე ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები მართლმადიდებელი ეკლესიისა, ისევე როგორც მისი მონაწილეობა ეკუმენურ მოძრაობაში, ეფუძნება ხსენებული მართლმადიდებლობის თვითშეგნებასა და მის მსოფლიო სულს, იმ მიზნით, რომ ძველი ეკლესიისა და შვიდი მსოფლიო კრების სარწმუნოებასა და გადმოცემაზე დაფუძნებით, კვლავ მოპოვებული იქნეს დაკარგული ერთიანობა ქრისტიანებისა.

6. ეკლესიის ონტოლოგიური ბუნების შესაბამისად, შეუძლებელია დაირღვეს მისი ერთიანობა. მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს იმ ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელწოდებებს, რომლებიც არ არიან მასთან ზიარებაში, თუმცა სწამს ისიც, რომ მათდამი მისმა დამოკიდებულებამ მტკიცე საფუძველი უნდა შეუქმნას მათ, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ობიექტურად გააცნობიერონ მთელი ეკლესიოლოგიური თემატიკა და, განსაკუთრებით, მათი უმთავრესი სწავლება საიდუმლოთა, მადლის, მღვდლობისა და სამოციქულო ნაცვალმემკვიდრეობის შესახებ. ამრიგად, როგორც საღვთისმეტყველო, ასევე სამოძღვრო მიზანდასახულობათა შესაბამისად, ეკლესია კეთილგანწყობითად და დადებითად უყურებდა დანარჩენ ქრისტიანებთან დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე და, საზოგადოდ, ბოლო დროის ეკუმენურ მოძრაობაში მონაწილეობას, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ დიალოგის გზით აძლევს იგი ქრისტეში არსებული ჭეშმარიტების სისავსისა და თავისი სულიერი საუნჯეების შთამბეჭდავ მოწმობას იმათ, რომლებიც მის გარეთ არიან, წინასწარ ახდენს რა, პირუთვნელი მიზანდასახულობის შესაბამისად, ერთიანობისკენ მიმავალი გზის მოსწორებას.

7. ზემოხსენებული სულისკვეთებიდან გამომდინარე, ყველა ადგილობრივი უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესია დღეისათვის ქმედითად მონაწილეობს ოფიციალურ საღვთისმეტყველო დიალოგებში, მათი უმრავლესობა კი ჩართულია, აგრეთვე, სხვადასხვა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო ქრისტიანთაშორის ორგანიზაციებში, მიუხედავად იმ ღრმა კრიზისისა, რაც გაჩენილია ეკუმენურ მოძრაობაში. მართლმადიდებელი ეკლესიის ეს მრავალწახნაგოვანი გულმოდგინება გამომდინარეობს პასუხისმგებლობის გრძნობიდან და იმ რწმენიდან, რომ ქრისტიანული ერთობის აღდგენაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ურთიერთგაგებას, თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას, რომ “არ შევუქმნათ რაიმე დაბრკოლება ქრისტეს სახარებას” (1 კორ. 9.12).

8. რა თქმა უნდა, დანარჩენ ქრისტიანებთან დიალოგის დროს მართლმადიდებელი ეკლესია არ უგულებელყოფს ამგვარი მცდელობის სირთულეებს, თუმცა იაზრებს ამ სირთულეებს ძველი ეკლესიის გადმოცემის საერთო გაგების პერსპექტივაში და იმედოვნებს, რომ სულიწმინდა, რომელიც არის “ყოვლადი დამამყარებელი ეკლესიის სჯულისა” (მარტვილიის მწუხრის სტიქარონი), “აღავსებს დაკლებულთ” (ხელთდასხმის ლოცვა). ამ კონტექსტში მართლმადიდებელი ეკლესია თავის დამოკიდებულებას დანარჩენი ქრისტიანული მსოფლიოს მიმართ არ აფუძნებს მხოლოდ დიალოგების ორგანიზატორთა კაცობრივ ძალისხმევებზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სასოებს სულიწმინდის შეწევნას, მადლითა უფლისა, მლოცველისა: “რათა ყველა ერთი იყოს” (იო. 17.21).

9. ამჟამინდელი ორმხრივი საღვთისმეტყველო დიალოგები, რაც გამოცხადდა საყოველთაო-მართლმადიდებლურ სხდომებზე, გამოხატავს ყველა ადგილობრივი უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთსულოვან გადაწყვეტილებას, რომლებსაც აქვთ ვალდებულება ენერგიულად და უწყვეტად მონაწილეობდნენ ამ დიალოგთა პროცესში, რომ არ დაბრკოლდეს ერთხმობითი მოწმობა მართლმადიდებლობისა სამობითი ღმერთის სადიდებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ისურვებს და გადაწყვეტს, რომ არ დანიშნოს თავისი წარმომადგენლები რომელიმე დიალოგზე ანდა დიალოგის რომელიმე სხდომაზე, რამდენადაც ეს გადაწყვეტილება არ არის მთელი მართლმადიდებლობისა, დიალოგი გრძელდება. ანალოგიურად, საჭიროა, რომ დიალოგის ან სხდომის დაწყებამდე დიალოგის წარმმართველმა მართლმადიდებელმა კომისიამ, მართლმადიდებელი ეკლესიის სოლიდარობისა და ერთიანობის გამოსახატავად, აუცილებლად განიხილოს რომელიმე ეკლესიის იქ არყოფნის საკითხი. ორმხრივი და მრავალმხრივი დიალოგები პერიოდულად უნდა დაექვემდებაროს საყოველთაო-მართლმადიდებლურ შეფასებას.

10. ის პრობლემები, რაც წარმოიქმნება შერეული საღვთისმეტყველო კომისიების საღვთისმეტყველო განხილვების დროს, არასოდეს არ უნდა გახდეს საკმარისი მიზეზი კომისიის წარმომადგენლების ცალმხრივი გაწვევისა ანდა რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ამ კომისიაში მონაწილეობის საბოლოო შეწყვეტისა. საჭიროა, რომ დიალოგიდან რომელიმე ეკლესიის გამიჯვნა, როგორც წესი, თავიდან იყოს აცილებული და გამოჩენილი იქნეს სათანადო მართლმადიდებელთშორისი ძალისხმევა ამ დიალოგში მონაწილე მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო კომისიის წარმომადგენლობითი სისრულის აღსადგენად. თუკი რომელიმე ადგილობრივი ეკლესია ანდა რამდენიმე სხვა მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს ამა თუ იმ დიალოგის შერეული საღვთისმეტყველო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე, ასახელებს რა მნიშვნელოვანი ეკლესიოლოგიური, კანონიკური, სამოძღვრო ან ეთიკური ხასიათის მიზეზებს, ამ ეკლესიამ ან ეკლესიებმა, საყოველთაო-მართლმადიდებლური წესის შესაბამისად, წერილობით უნდა აცნობონ თავისი უარის შესახებ მსოფლიო პატრიარქს და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას. საყოველთაო-მართლმადიდებლური განხილვის პროცესში მსოფლიო პატრიარქი ეძიებს დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიების ერთსულოვან თანხმობას შემდგომი მოქმედებების შესახებ, რაც მომცველი იქნება, აგრეთვე, კონკრეტული საღვთისმეტყველო დიალოგის პროცესის გადაფასებისა, ერთხმად იქნება რა აღიარებული ამის საჭიროება.

11. საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვასთან დაკავშირებული მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ტრადიციული საღვთისმეტყველო განსხვავებების ანდა შესაძლო ახალი წინააღმდეგობების გადაჭრას და ქრისტიანული სარწმუნოების საერთო საფუძვლების ძიებას, წინაპირობად განაწესებს რა ეკლესიის სისავსის შესაბამის ინფორმირებას დიალოგთა სხვადასხვა ეტაპის მიმდინარეობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება რომელიმე კონკრეტული საღვთისმეტყველო განსხვავების დაძლევა, საღვთისმეტყველო დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, ხოლო საღვთისმეტყველო უთანხმოება კონკრეტულ საკითხზე წერილობით დაფიქსირდება და აღნიშნული უთანხმოების შესახებ ეუწყება ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ განისაზღვროს შემდგომი აუცილებელი ქმედებები.

12. ცხადია, რომ საღვთისმეტყველო დიალოგების წარმართვისას ყველას საერთო მიზანია მართალ სარწმუნოებასა და სიყვარულში ერთიანობის საბოლოო აღდგენა, თუმცა არსებული საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური განსხვავებანი უთუოდ გვთავაზობს იმ სირთულეთა გარკვეულ რიგითობას, რაც ვლინდება საყოველთაო-მართლმადიდებლური მიზანდასახულობის განხორციელების პროცესში. ყოველი ორმხრივი დიალოგის პრობლებათა განსხვავებულობა გულისხმობს სხვაობას ხსენებულ დიალოგთან დაკავშირებით გამოყენებულ მეთოდოლოგიაში და არა სხვაობას მიზანდასახულობაში, ვინაიდან ყველა დიალოგის მიზანი ერთი და იგივეა.

13. საჭიროების შემთხვევაში, ამასთან, აუცილებელია გულმოდგინების გამოჩენა იმისთვის, რომ მოხდეს სხვადასხვა მართლმადიდებელთშორისი კომისიის საქმიანობის კოორდინირება, – იმდენად უფრო, რამდენადაც აუცილებელია, რომ ამ დიალოგთა ფარგლებშიც განცხადდეს და საჩინო გახდეს მართლმადიდებელი ეკლესიის არსებული ერთიანობა.

14. ნებისმიერი ოფიციალურად გამოცხადებული საღვთისმეტყველო დიალოგის დასრულება ხდება შესაბამისი შერეული საღვთისმეტყველო კომისიის საქმიანობის დამთავრებისთანავე, როდესაც მართლმადიდებელთშორისი კომისიის თავმჯდომარე ანგარიშს წარუდგენს მსოფლიო პატრიარქს, რომელიც, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა თანხმობითაც, აცხადებს დიალოგის დაბოლოებას. არცერთი დიალოგი არ მიიჩნევა დასრულებულად, ვიდრე არ გამოცხადდება მისი დამთავრება ამგვარი საყოველთაო- მართლმადიდებლური გადაწყვეტილების შესაბამისად.

15. საჭიროა, რომ რომელიმე საღვთისმეტყველო დიალოგის შესაძლო წარმატებით დასრულების შემდეგ საყოველთაო-მართლმადიდებლური გადაწყვეტილება ეკლესიური თანაზიარების აღდგენის შესახებ ეფუძნებოდეს ყველა ადგილობრივი ეკლესიის თანხმობას.

16. ერთ-ერთი მთავარი ორგანო ეკუმენური მოძრაობის ისტორიაში ესაა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს). გარკვეული მართლმადიდებელი ეკლესიები იყვნენ ამ საბჭოს დამფუძნებელი წევრები, შემდეგ კი ყველა მათგანი მისი წევრი გახდა. ემს დაფუძნებულია როგორც ერთ-ერთი ქრისტიანთშორისი ორგანო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ იგი არ მოიცავს ყველა არამართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას და აღმსარებლობას. მის პარალელურად არსებობს სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციები და რეგიონალურ ორგანოები, როგორიცაა, მაგალითად, ევროპული ეკლესიების კონფერენცია (ეეკ) და ახლო აღმოსავლეთის ეკლესიათა საბჭო (აეს). ეს ორგანიზაციები ემს-სთან ერთად ასრულებენ მნიშვნელოვან ფუნქციას ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანობისკენ წინსვლაში. საქართველოს და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსგან, – პირველი მათგანი 1997 წ-ს, ხოლო მეორე 1998 წ-ს, – აქვთ რა მათ თავისი საკუთარი აზრი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთშორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში.

17. ემს-ს წევრი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები სრულად და თანასწორად მონაწილეობენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ორგანიზაციაში და ისინი ყველა მათ ხელთ არსებული საშუალებებით შეეწევიან მშვიდობიან თანაცხოვრებას და თანამშრომლობას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად. მართლმადიდებელმა ეკლესიამ სიხარულით გაიზიარა ემს-ს გადაწყვეტილება, რომ გამოხმაურებოდა თხოვნას საგანგებო კომისიის შექმნის შესახებ ემს-ში მართლმადიდებელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად იმ დირექტივისა, რაც შეიმუშავა მართლმადიდებელთშორისმა შეხვედრამ თესალონიკში (1998). საგანგებო კომისიის მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რაც შეთავაზებულ იქნა მართლმადიდებელთა მხრიდან და რაც მიიღო ემს-მ, დასრულდა თანამშრომლობისა და კონსენსუსის მუდმივმოქმედი კომისიის შექმნით. ეს კრიტერიუმები დაამტკიცა ემს-მ და შეიტანა თავის კონსტიტუციასა და სამოქმედო განაწესში.

18. მართლმადიდებელი ეკლესია, რწმუნებული თავის ეკლესიოლოგიას, თავისი შინაგანი სტრუქტურის იდენტობას და ძველი ეკლესიის შვიდი მსოფლიო კრების მოძღვრებას, მონაწილეობს რა ემს-ის ორგანიზაციაში, არანაირად არ იზიარებს აზრს “აღმსარებლობათა თანასწორობის შესახებ” და არანაირად არ შეუძლია მიიღოს ეკლესიათა ერთიანობა როგორც რამ აღმსარებლობათშორისი კომპრომისი. ამ სულისკვეთებით, ერთიანობა, რასაც ესწრაფვის ემს, არ შეიძლება იყოს შედეგი მარტოოდენ საღვთისმეტყველო შეთანხმებებისა, არამედ, აგრეთვე – სარწმუნოებრივი ერთიანობისა, რაც დაცულია საიდუმლოებებში და აღესრულება მართლმადიდებელ ეკლესიაში.

19. ემს-ს წევრი მართლმადიდებელი ეკლესიები ემს-ში მონაწილეობის აუცილებელ პირობად მიიჩნევენ მისი კონსტიტუციის იმ საფუძველდამდებ დებულებას, რომლის მიხედვითაც მისი წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ ის ეკლესიები და აღმსარებლობები, რომლებიც ღმერთად და მაცხოვრად ცნობენ უფალ იესო ქრისტეს, თანახმად წერილისა, და აღიარებენ სამობით ღმერთს: მამას, ძეს და სულიწმინდას, თანახმად ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსისა.ისინი ღრმად არიან დარწმუნებულნი, რომ ეკლესიოლოგიური წინასაფუძვლები ტორონტოს დეკლარაციისა (1950), რასაც სახელწოდებად აქვს: “ეკლესია, ეკლესიები და ეკლესიათა მსოფლიო საბჭო”, უმთავრესი მნიშვნელობის მქონეა აღნიშნულ საბჭოში მართლმადიდებელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ემს არ არის და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს ზე-ეკლესია: “ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მიზანია არა მოლაპარაკება ეკლესიებს შორის ურთიერთობებზე, რაც შეიძლება წარიმართოს მხოლოდ ეკლესიათა მიერ, რომლებიც მოქმედებენ პირადი ინიციატივიდან გამომდინარე, არამედ – ის, რომ მიმართოს ეკლესიები ცოცხალი ურთიერთკავშირისკენ და განავითაროს ქრისტიანულ ერთიანობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გამოკვლევა. ემს-ში შესვლისას არცერთ ეკლესიას არ მოეთხოვება თავისი ეკლესიოლოგიის შეცვლა, უფრო მეტიც, ემს-ს წევრობა არ ნიშნავს, რომ თითოეულ ეკლესიას უნდა მიაჩნდეს სხვა ეკლესიები ეკლესიებად ამ ტერმინის ჭეშმარიტი და სრული გაგებით”. (ტორონტოს დეკლარაცია, §2).

20. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დანარჩენ ქრისტიანულ მსოფლიოსთან საღვთისმეტყველო დიალოგების გამართვის პერსპექტივები ყოველთვის განსაზღვრულია უკვე ჩამოყალიბებული საეკლესიო გადმოცემის კანონიკურ კრიტერიუმებზე დაფუძნებით (მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონი და მეხუთე-მეექვსე მსოფლიო კრების ოთხმოცდამეთხუთმეტე კანონი).

21. მართლმადიდებელი ეკლესია მოწადინებულია გაძლიერდეს საქმიანობა კომისიისა: “სარწმუნოება და წესი”, განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება რა მის მიერ ღვთისმეტყველებაში დღემდე შეტანილ წვლილს. იგი დადებითად აფასებს იმ საღვთისმეტყველო დოკუმენტებს, რაც ხსენებულმა კომისიამ გამოაქვეყნა და რაშიც გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, აგრეთვე, მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები. ეს დოკუმენტები წარმოადგენს ფასეულ ეტაპს ეკუმენურ მოძრაობაში ქრისტიანთა დაახლოების კუთხით. თუმცა, მართლმადიდებელი ეკლესია სიფრთხილეს იჩენს სარწმუნოებასა და წესთან დაკავშირებულ უმთავრეს საკითხებში, რადგან არამართლმადიდებელი ეკლესიები და აღმსარებლობები დაშორდნენ ჭეშმარიტ რწმენას ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა.

22. მართლმადიდებელი ეკლესია დასაგმობად მიიჩნევს ეკლესიის ერთიანობის ყოველგვარ გახლეჩვას ცალკეული პიროვნებების ან ჯგუფების მხრიდან ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნებისა თუ ვითომცდა დაცვის საბაბით. როგორც ადასტურებს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი ცხოვრება, ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოების შენარჩუნება ხორციელდება მხოლოდ საკრებო სტრუქტურის მიერ, რაც ძველთაგანვე წარმოადგენდა ავტორიტეტულ და უკანასკნელ მსაჯულს სარწმუნოების საკითხებთან დაკავშირებით (მე-2 მსოფლიო კრების მე-6 კანონი).

23. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საერთოა იმის გაცნობიერება, რომ აუცილებელია ქრისტიანთშორისი საღვთისმეტყველო დიალოგი, რის გამოც იგი საჭიროდ მიიჩნევს, რომ ამ დიალოგს ყოველთვის თან ახლდეს ამა სოფლის წინაშე საქმეთამიერი დამოწმება ურთიერთგაგებისა და სიყვარულისა, რაც გამოხატავს სახარების “გამოუთქმელ სიხარულს” (1 პეტრ. 1.8) და რაც გზას უხშობს პროზელიტიზმის ანდა კონფესიური ანატგონიზმის გამომწვევი სხვა მოქმედების ყოველგვარ გამოვლინებას. ამ სულისკვეთებით, მართლმადიდებელი ეკლესია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ჩვენ ყველანი, ქრისტიანები,შთაგონებულნი ჩვენი სარწმუნოების ზიარი ფუძემდებლური საწყისებით, უნდა ვიღწვოდეთ იმისთვის, რომ იმ მწვავე პრობლემებს, რასაც გვიყენებს ჩვენ თანამედროვე მსოფლიო, გავცეთ ერთი ერთსულოვანი და სოლიდარული პასუხი, დაფუძნებული ქრისტეში მკვიდრი ახალი ადამიანის იდეალურ ნიმუშზე.

24. მართლმადიდებელი ეკლესია აცნობიერებს იმ მოვლენას, რომ მოძრაობა, მიმართული ქრისტიანთა ერთიანობის აღდგენისკენ, იძენს ახალ ფორმებს, რათა პასუხი გასცეს ახალ რეალობებს და დაუპირისპირდეს თანამედროვე მსოფლიოს ახალ გამოწვევებს. აუცილებელია, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაგრძოს დამოწმება განყოფილი ქრისტიანული მსოფლიოს წინაშე სამოციქულო გადმოცემასა და სარწმუნოებაზე დაფუძნებით.

ვლოცულობთ იმისთვის, რომ ერთობლივად იმოღვაწეონ ქრისტიანებმა, რათა მოახლოვდეს ის დღე, რაჟამს უფალი აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესიების სასოებას და “იქნება ერთი სამწყსო, ერთი მწყემსი” (იო. 10.16).

წყარო: “კარიბჭე”

banner
წინა სტატიაშიგაჟონვა როსტოვის ატომურ ელექტროსადგურზე – რა საფრთხე ემუქრება საქართველოს
შემდეგი სტატიაფრენები თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით აღდგა